საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ და ნაკრების კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა ევროპის ჩემპიონატის წილისყრა შეაფასეს.
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტ 2025-ზე ჯგუფში იტალიას, ესპანეთს, საბერძნეთს, ბოსნიასა და მასპინძელ კვიპროსს დაუპირისპირდება.
ვიქტორ სანიკიძე: „ადვილი ჯგუფი არ არის, მაგრამ ევრობასკეტზე ადვილი ჯგუფები არ არსებობს. მთავარია, ახლა კარგი მოსამზადებელი პერიოდი დავგეგმოთ და ყველა ჯანმრთელად შეხვდეს ევროპის ჩემპიონატს. რა თქმა უნდა, გვაქვს ჯგუფიდან გასვლის შანსი და ვნახოთ. იმედი გვაქვს, რომ გულშემატკივარი წამოვა ლიმასოლში და უგულშემატკივრებს ნაკრებს“.
გიორგი შერმადინი: „საქართველოს ეროვნული ნაკრები უკვე მეექვსედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე, რაც ძალიან დიდი წარმატებაა ჩვენი ნაკრებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან რთული ჯგუფია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველასთან შეიძლება მოგება. დარწმუნებული ვარ. ზაფხულში კარგ მოსამზადებელ პერიოდს გავივლით და ევროპის ჩემპიონატს მზად შევხვდებით. სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძეც ჩვენთან იქნებიან. პირადად მე მაქსიმუმს გავაკეთებ ჩვენი ნაკრებისთვის, რომ წარმატებული იყოს ეს ევროპის ჩემპიონატი. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ეს ჩემი ბოლო თამაშები იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმაში“.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტი 27 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება, რომელსაც კვიპროსი (ლიმასოლი), ფინეთი (ტამპერე), ლატვია (რიგა) და პოლონეთი (კატოვიცე) უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრებისთვის ეს იქნება ზედიზედ მეექვსე ევრობასკეტი, რომელშიც მონაწილეობა 2011, 2013, 2015, 2017 და 2022 წლებში მიიღო.