„სენტ ეტიენი“ საფრანგეთის ლიგა 1-ის 27-ე ტურში „პარი სენ-ჟერმენს“ უმასპინძლებს, შესაბამისად, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ.
„სენტ ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანმა განაცხადა, რომ დავითაშვილი ნაკრებში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ გუნდს ფორმაში და თავდაჯერებული დაუბრუნდა.
„ზურიკო დავითაშვილი და დილან ბათუბინსიკა ნაკრებში გამარჯვების შემდეგ ფორმაში და თავდაჯერებულად დაბრუნდნენ. აქამდე პსჟ ლიგა 1-ში არავის დაუმარცხებია. უნდა გვქონდეს ამბიცია, ვიყოთ პირველი გუნდი, რომელიც ამას გააკეთებს, მაგრამ ეს სურვილი საკმარისი არ იქნება. დიდი ხარისხი, ერთგულება, ძალიან კარგი დღე სჭირდება იმ გუნდის დონეზე რომ იყო, რომელიც ამჟამად ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ საუკეთესო არა. ჩვენთვის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ მათ აქვთ ხარისხი, მაგრამ ისინი ასევე დიდ ვალდებულებას დებენ იმაში, რასაც აკეთებენ. ამ მატჩს ისევე უნდა მივუდგეთ, როგორც ნებისმიერ სხვას: ეს არის მატჩი, რომელსაც შეუძლია ქულების მოტანა. ეს არ არის ბონუს მატჩი, ეს ჩვენი შემდეგი მატჩია.
„მონპელიესთან“ შეწყვეტილი მატჩი? ეს პირველი შემთხვევაა, როცა მატჩის შეწყვეტასთან გამკლავება მომიწია და ეს არის ის, რაც არ მინდა, რომ განმეორდეს. როდესაც მატჩი შეწყდა, მინდოდა, რომ პრობლემა მოგვარებულიყო და მატჩი განახლებულიყო, რათა დაგვესრულებინა, რადგან ეს იყო ყველაზე სამართლიანი სცენარი ჩვენთვის, „მონპელიესთვის“ და ლიგისთვის. ჩვენ ასევე გვინდოდა ამ მატჩის მოგება, რადგან ეს იქნებოდა პირველი გამარჯვება სტუმრად და პირველი მშრალი ჩემი აქ მოსვლის შემდეგ. ახლა ამ შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილება სხვებს ეკუთვნის. რაც არ უნდა იყოს, მოგვიწევს მასთან შეგუება“, - თქვა ჰორნელანმა.
შეგახსენებთ, ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ხუთჯერ საგოლე პასი მიითვალა. „სენტ ეტიენი“ 20 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა, ხოლო პსჟ-ს 29 მარტს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაუპირისპირდება.