ფეხბურთი

19:58 | 22.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ფინეთთან ამხანაგური მატჩი ქამბექით მოიგო

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ანტალიაში შეკრებაზეა, რომლის ფარგლებში პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ფინეთი 4:2 დაამარცხა.

რამაზ სვანაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, სადაც ზაფხულში ითამაშებს, ჯგუფში პოლონეთის, საფრანგეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ.

სხვათა შორის, ფინეთიც ევროპის ჩემპიონატის მონაწილეა, ასე რომ, სვანაძის გუნდს კარგი სპარინგი გამოუვიდა.

ანგარიში ფინელებმა 24-ე წუთზე გახსნეს, როცა თავი ლუკა ჰურულაინენმა გამოიჩინა და ტაიმიც ასე დასრულდა. შესვენებაზე სვანაძემ რამდენიმე ფეხბურთელი შეცვალა, რამაც მალევე გამოიღო შედეგი.

50-ე წუთიდან მე-60 წუთამდე ქართველმა ფეხბურთელებმა სამი გოლი გაიტანეს. ჯერ კაპიტანმა საბა ხვადაგიანმა გაათანაბრა თავური დარტყმით, შემდეგ გიზი მამაგეიშვილმა დალაშქრა მეტოქის კარი, ხოლო მერე იყო საბა მამაცაშვილის კუთხური, რის შემდგომაც ფინელმა ომა მაალიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

მალევე, ფინეთმა სხვაობა შეამცირა ოუჰო ტალვიტიეს გოლით და თამაში ისევ დაიძაბა, მაგრამ შეხვედრის მიწურულს ორბურთიანი სხვაობა ოთარ მამაგეიშვილმა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ მამაგეიშვილებმა ერთნაირ სტილში გაიტანეს - პრესინგზე მეკარეს და მცველებს შეცდომა დააშვებინეს.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები აგრძელებს ანტალიაში მომზადებას, სადაც 25 მარტს კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, ამჯერად სერბეთის წინააღმდეგ.

ფინეთი - საქართველო 2:4 (1:0)

ანტალია

საქართველო (4-3-3): ხარატიშვილი; მაისურაძე (ოდიშვილი 90), ხვადაგიანი, უგრეხელიძე, მამაცაშვილი (რუხაძე 76); ლომინაძე, გაგნიძე, სიგუა (აბუაშვილი 46); ოდიშარია (გ. მამაგეიშვილი 46), ეგოიანი (ო. მამაგეიშვილი 46), კვერნაძე (გოცირიძე 76)

გოლები: 1:0 ჰურულაინენი (24), 1:1 ხვადაგიანი (50), 1:2 გ. მამაგეიშვილი (56), 1:3 მაალი (60, ა.გ), 2:3 ტალვიტიუ (68), 2:4 ო. მამაგეიშვილი (90)

0.0643