სომხეთის ნაკრების ფეხბურთელმა არტურ სერობიანმა საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, დადებითი შედეგისთვის ყველაფერს გააკეთებენ:
„როგორც მწვრთნელმა თქვა, პირველი მატჩისთვის სერიოზულად ვემზადებოდით. სამწუხაროდ, დავალებები ვერ შევასრულეთ. ხვალინდელი თამაშისთვისაც მზად ვართ და იმედი მაქვს, რომ უკეთესად გამოგვივა თამაში. მაქსიმუმს გავაკეთებთ დადებითი შედეგის მისაღწევად.
დიახ, ერევანში, ბევრი ქართველი ქომაგი იყო, მაგრამ იმედი მაქვს, თბილისშიც ბევრი სომეხი გულშემატკივარი იქნება. პირველი შემთხვევაა არაა, როცა სტუმრად ვთამაშობთ და ბევრი სომეხი გულშემატკივარი ყოფილა სტადიონზე, იმედი მაქვს, ხვალაც ასე იქნება. ჩვენს ყველაფერს გავაკეთებთ, გულშემატკივრის გასახარებლად.
რანოსის გუნდიდან გაშვება? ეს მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო. ჩემთვის მთავარია გუნდში ყოფნა და შედეგი. რაც უნდა მეწყინოს, მაინც გუნდთან ერთად ვარ და მისი ნაწილი ვარ. მარცხენა ფლანგზე თამაშის გამოცდილება მაქვს, წინა მწვრთნელი ამ ფლანგზე მათამაშებდა, მაგრამ უფრო კომფორტულად თავს მარჯვენა ფლანგზე ვგრძნობ. თუმცა, მწვრთნელს თუ მარცხნივ ვჭირდები, მზად ვარ.
ყველაფერი უკვე წარსულია, ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვექნება. ყველა ფეხბურთელი ორიენტირებულია თამაშზე და მაქსიმუმის გაღებაზე. რანოსის ინციდენტზე კომენტარის გაკეთება არ მინდა, რადგან ამაზე მწვრთნელმა უკვე ისაუბრა“, - თქვა სერობიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ერევანში, სომხეთის ნაკრები 3:0 დაამარცხა, რითაც პრაქტიკულად გაინაღდა ერთა ლიგის B დივიზიონში დარჩენა და საპასუხო შეხვედრა ფორმალობად აქცია. ეს ნაკრებები ისტორიაში სულ 8-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს, საიდანაც 4 მატჩი საქართველომ მოიგო, 2 სომხეთმა, ხოლო ორჯერაც ფრე დაფიქსირდა.
საქართველო-სომხეთის მატჩი 23 მარტს, "დინამო არენაზე", 18:00 საათზე გაიმართება.