საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი“ სტუმრად „ოსერს“ დაუპირისპირდა, რომელსაც დაუზავდა - 1:1.
„ოსერი“ 27-ე წუთზე ჰამედ ჟუნიორ ტრაორეს ეფექტური გოლით დაწინაურდა, რასაც ტაიმის მიწურულს ლუკას სტასინმა უპასუხა. აღსანიშნავია, რომ „სენტ ეტიენის“ გოლში დავითაშვილის წვლილია: ქართველმა ჯარიმა კარგად დაარტყა, მეკარემ მოიგერია, დამატებაზე სტუმრებმა ითამაშეს და შეტევა გოლით დაასრულეს.
ზოგადად, დავითაშვილი თანაგუნდელთა შორის გამორჩეული იყო, მან შეუცვლელად ითამაშა. მიმდინარე სეზონში ქართველმა შემტევმა ლიგა 1-ის 17 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
„სენტ ეტიენი“ ლიგა 1-ში 19 მატჩში მოპოვებული 18 ქულით მე-14 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 1-ელ თებერვალს, „ლილს“ სტუმრად დაუპირისპირდება.