“ავჭალის” სტადიონზე შეკრებილმა 800-მდე მაყურებელმა ორი განსხვავებული სტილით მოთამაშე გუნდის დაძაბული ორთაბრძოლა იხილა. თბილისის “არმაზის” სისწრაფეები და გაშლილი თამაში საბოლოოდ რუსთავის “ხარების” ძალამ გადაწონა და მათ ლიდერთან 5-ქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნეს.
პირველივე წუთებიდან ცხადი გახდა, რომ სტუმართა კოზირი შერკინების მძლავრი თამაში იქნებოდა. მე-2 წუთზე მასპინძლები შერკინებაში დაჯარიმდნენ და ვაჟა ხუციშვილმა ანგარიში გახსნა. უნდა ითქვას, რომ პერიოდულად თბილისელები ახერხებდნენ მეტოქის ამ კოზირის გაუვნებელყოფას, მაგრამ მატჩის მიწურულს სწორედ რუსთაველთა შერკინებამ ითამაშა გადამწყვეტი როლი და “ხარებმა” 17:14 იმარჯვა.
“ხარების” ჯარიმას “არმაზმა” ეფექტური შეტევით უპასუხა. მასპინძლები ფლანგების გამოყენებით და თამაშის სწრაფი გაშლით უპირატესობას ქმნიდნენ, მოლებითა და მოკლე დარტყმებით ფონს ვერ გავიდნენ, მაგრამ მეტოქის 22-ში დაახლოებით 10-წუთიანი მცდელობის შემდეგ, ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს და საბა ნიკოლავამ წონასწორობა აღადგინა. “არმაზმა” ტემპი არ დააგდო, ხელდახელ თამაშით სტუმართა დაცვის ხაზში თავისუფალი ზონები გაჩნდა და ხაზიც გაიჭრა. დასკვნით ფაზაში ვილიამ კაიფაჯიანი უტევდა და ლელოს გატანა თავადაც შეეძლო, მაგრამ დაუცველ ფლანგზე გადაცემის გაკეთება გადაწყვიტა და ბურთი მეტოქეს პირდაპირ ხელებში მიაწოდა.
ორიოდე წუთში “ხარები” დაჯარიმდა და “არმაზმა” ამ შეტევისგან მიიღო ქულა, ოღონდ ნაღდი 5 და შესაძლო 7-ის ნაცვლად, მხოლოდ - 3.
რუსთაველებმა ვერც ამის შემდეგ მოიკიდეს ცენტრს იქით ფეხი. თბილისელთა მორიგი შეტევისას კვლავ ჯარიმით და ნიკოლავას 3 ქულით დაისაჯნენ - 9:3.
25-ე წუთიდან “ხარებმა” თამაში გაათანაბრა და 26-ე წუთზე ხუციშვილს 40 მეტრიდან ჯარიმა გაუცუდდა, მაგრამ ორიოდე წუთში 32 მეტრიდან აღარ შეცდა.
ტაიმის მიწურულს “არმაზი” უკვე შერკინებაში დაჯარიმდა, ხუციშვილმა ამჯერადაც ზუსტად დაჰკრა და ტაიმი 9:9 დასრულდა.
მეორე ტაიმი კვლავ არმაზელების სწრაფი იერიშებით დაიწყო და ლელომდეც სულ ცოტა დააკლდათ, მაგრამ პასუხად საკუთარ 22-ში დაჯარიმდნენ და პირველი ტაიმის მსგავსად, მეორე ნახევრის დებიუტშიც ანგარიში ჯარიმით ხუციშვილმა გახსნა.
თბილისელებს პასუხის გაცემის შანსი 54-ე წუთზე მიეცათ, როდესაც შეტევა მარცხენა ფლანგზე გაშალეს. იქ მურაზ გიორგაძემ ბურთი ფეხით გადაიკიდა და მიყვა, მაგრამ ის ჩათვლის მოედანში არ შეგორდა და “ხარები” ლელოს გადაურჩა, მაგრამ რუსთაველები მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩნენ.
მასპინძლებმა 3 ქულას ლელოზე თამაში არჩიეს, დერეფანს მოლი მოყვა, ის რომ ჩაიქცა ბურთი სწრაფად გაიშალა ხაზზე და მარჯვენა ფლანგზე მეტობა შეიქმნა, გიორგაძემ ორი თავისუფალი პარტნიორის გამოყენებას თავად არჩია შეტევა და ჩათვლის მოედნამდე სანტიმეტრები დააკლდა, მაგრამ მორიგი სწრაფი გათამაშებისას ირაკლი მაჩხანელი მცველის პირისპირ დარჩა და მისი შეჩერება შეუძლებელი იყო. ნიკოლავას გარდასახვა არაზუსტი გამოდგა და “არმაზი” მხოლოდ 2 ქულით დაწინაურდა - 14:12.
მიუხედავად იმისა, რომ “ხარები” კაცნაკლული იყო, დასკვნით 20 წუთში მისი უპირატესობა გამოიკვეთა, რაც მძლავრი შერკინების დამსახურებაა და “არმაზს” დარჩენილი დროის გატარება დაცვაში მოუწია. თბილისელები მოლის ჩაქცევისთვის რომ დაჯარიმდნენ, მათი ბურჯი სინბინით დაისაჯა, ხოლო სტუმრებმა ლელოზე გადაწყვიტეს თამაში. მასპინძლებმა რამდენჯერმე შეძლეს რუსთაველთა მიძალების ხაზზე შეჩერება, მაგრამ მერე ბურთი ხაზზე გავიდა და იქ “ხარებმა” უპირატესობის გამოყენება მოახერხა. ლელო გიორგი ნათელაშვილმა გაიტანა და რადგან გარდასახვა არაზუსტი იყო, სხვაობამ მხოლოდ 3 ქულა შეადგინა - 17:14 სტუმრების სასარგებლოდ და სათამაშო კიდევ 7 წუთი რჩებოდა.
“არმაზმა” მალევე მიიღო წონასწორობის აღდგენის შესაძლებლობა, მაგრამ ნიკოლავას 40 მეტრიდან ჯარიმა გაუცუდდა. მერე “ხარებმა” თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა მოახერხა. ბოლოს თბილისელთა მცდელობამ, თავისი 22-დან ხელდახელ შეეტიათ, შედეგი ვერ მოიტანა და მასპინძლები ერთ, ხოლო სტუმრები 4 ქულას დასჯერდნენ.
ხვალ, ტურის დასკვნით მატჩში, “ჯიქები” “ბათუმს” მასპინძლობს, რის შემდეგაც ჩემპიონატი სამკვირიან შესვენებაზე გავა და 1 ნოემბერს განახლდება.
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი
VI ტური
12 ოქტომბერი
თბილისი. “ავჭალა”. 800 მაყურებელი
არმაზი (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 14:17 (9:9)
1 | ყოჩები | 6 | 6 | 0 | 0 | 142-72 | 25 |
2 | ხარები | 6 | 4 | 1 | 1 | 141-88 | 20 |
3 | ლელო სარ | 6 | 3 | 2 | 1 | 103-89 | 16 |
4 | ლოკომოტივი | 5 | 3 | 0 | 2 | 79-63 | 14 |
5 | ჯიქები | 5 | 2 | 1 | 2 | 43-58 | 11 |
6 | აია | 6 | 2 | 0 | 4 | 90-109 | 11 |
7 | არმია | 6 | 2 | 0 | 4 | 72-115 | 10 |
8 | არმაზი | 5 | 2 | 0 | 3 | 82-83 | 10 |
9 | ბათუმი | 5 | 2 | 0 | 3 | 78-92 | 9 |
10 | თიბიეს უნივ. | 6 | 0 | 0 | 6 | 82-140 | 3 |
13 ოქტომბერი
თბილისი. “ავჭალა”. 17:00 საათი
ჯიქები (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი)