საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელებმა ოთარ მამაგეიშვილმა, გაბრიელ სიგუამ და გიორგი აბუაშვილმა ევრო 2025-ის პლეი-ოფის პირველ მატჩში ხორვატიასთან გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრეს.
ისინი კმაყოფილი არიან შედეგით, მაგრამ ახლა მეორე მატჩზე აკეთებენ კონცენტრირებას:
ოთარ მამაგეიშვილი: „სხვა შედეგს არც ველოდით. ვფიქრობ, მეტი შეგვეძლო, მაგრამ ყველაფერი, რაც ახლა დაგვაკლდა, გამოვასწორებთ და შემდეგ მატჩში იქნება. ჯერ არაფერი დასრულებულა, პლეი-ოფი ორთამაშიანია და მეორე შეხვედრაში ვეცდებით, რომ მიზანს, რომელიც დავისახეთ, მივაღწიოთ და ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ“.
გაბრიელ სიგუა: „სერიოზული ტრავმის შემდეგ თავს კარგად ვგრძნობ. ვეცადე, რომ თავი გამომეჩინა, მაგრამ მთავარია, რომ გუნდმა მოიგო და ყველაფერი კარგად დასრულდა. ახლა მომდევნო მატჩისთვის მოვემზადებით. უკეთესი იქნებოდა, რომ უფრო დიდი სხვაობით მოგვეგო, თუმცა ახლა ეს არაფერს ცვლის და ვემზადებით მომდევნო მატჩისთვის“.
გიორგი აბუაშვილი: „კარგია, რომ გავიმარჯვეთ, ვულოცავ გუნდს და მთლიანად საქართველოს. თუმცა ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, პირველი თამაში იყო და დღეიდან მომდევნო მატჩისთვის ვემზადებით“.
შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი ხორვატიაში, 19 ნოემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.