სამიოდ დღის წინათ, ჩემპინთა ლიგის მე-3 ტურში „ბაიერნის“ დამარცხების შემდეგ (4:1), სტუმართა მწვრთნელმა, ვენსან კომპანიმ „ბარსელონაზე“ თქვა, ამჟამად ევროპის საუკეთესო გუნდთან წავაგეთო. ალბათ მართალიცაა - „ბარსელონა“ დღეს ყველაზე უკეთესია. ეს „რეალთან“ „კლასიკოშიც“ დამტკიცდა - 4:0 „სანტიაგო ბერნაბეუზე.“
„ბარსელონამ“ ორი გოლი ორწუთიან მონაკვეთში გაიტანა. ორივეჯერ თავი რობერტ ლევანდოვსკიმ გამოიჩინა. ჯერ კასადოს შესანიშნავი გამჭოლი პასის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩა და უშეცდომოდ დაარტყა, შემდეგ კი ბალდეს გადაცემას ისეთი ეფექტური თაური მიაყოლა შორეულ კუთხეში, მადრიდელთა უკრაინელმა მეკარე ლუნინმა განძრევაც ვერ მოაწო. პოლონელს თავისუფლად შეეძლო პოკერის შესრულებაც, მაგრამ ორი ისეთი მომენტი გაანიავა...
მერე რაფინიას ჯერიც დადგა, მან ჯერ იამალს გაატანინა, შემდეგ თვითონაც შეაგდო ეფექტური გოლი - მეკარესთან პირისპირ გავიდა და თავზე გადაუგდო ბურთი.
„ბარსელონამ“ პირველი მარცხი აგემა „რეალს“ მიმდინარე ლა ლიგაში, ლიდერობა გაიმყარა და უკვე ექვსი ქულით გაუსწრო ოპონენტ „სამეფო კლუბს.“
ადრე, მესის და რონალდუს ეპოქაში, „ბარსელონას" და „რეალის" დაპირისპირება საინტერესო იყო მათთვისაც, ვინც ფეხბურთისგან ძალიან შორს გახლდათ. ორივე კლუბი იბრძოდა ყველა ტიტულისთვის და მათ შემადგენლობაში ჰყავდათ პლანეტის ორი საუკეთესო მოთამაშე.
მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა: „რეალმა“ დაკარგა რონალდუ, მაგრამ შეძლო სწრაფად გადაწყობა და რენესანსი განიცადა. მესის წასვლის შემდეგ „ბარსელონა“ ღრმა კრიზისში ჩავარდა, საიდანაც ის მხოლოდ ახლა გამოდის. მაგრამ ბოლო წლებში მატჩმა თითქოს ჯადოქრული სული დაკარგა.
როგორც ჩანს, ნამდვილი „კლასიკო“ დაბრუნდა. ძირითადად იმიტომ, რომ მას ახლავს მსოფლიოს ორ საუკეთესო გარემარბს, ვინისიუსსა და რაფინიას შორის ბრძოლა.
მიუხედავად ფეხბურთელებს შორის ასაკობრივი სხვაობისა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვინისიუსიც და რაფინიაც ახლა თავის გუნდებში საუკეთესოები არიან. პირველი სავარაუდოდ ორიოდ დღეში „ოქროს ბურთს“ მიიღებს, თუმცა დღეს საუკეთესო მატჩი არ ჰქონია. მეორეს კი ახალი მწვრთნელის სრული ნდობა აქვს: ფლიკმა, როგორც ჩანს, გახსნა ყველა მისი შესაძლებლობა. ამჯერად რაფინიამ გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.
შემდეგ, „რეალს“ ჰყავს მბაპე, ბელინგემი. „ბარსელონას“ - პედრი, იამალი და ლევანდოვსკი...
პოლონელი შეუდარებელი გახლდათ ამ საღამოს და დამსახურებულად დაასახელეს კიდეც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად.
"რეალმა" ლა ლიგაში 42-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა, აქამდე ბოლო წაგება ესპანეთის ჩემპიონატში გასული წლის შემოდგომაზე ჰქონდა.
ლამინ იამალი "ელ კლასიკოში" ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა.
და მბაპე?
ფრანგისთვის ეს გარკვეულწილად ისტორიული, პირველი „კლასიკო“ იყო. ცდილობდა, ორჯერ გაიტანა კიდეც, მაგრამ ორივეჯერ სამართლიანად დაუფიქსირეს თამაშგარე, სულ კი, თამაშგარე მდგომარეობაში ფრანგი 7-ჯერ აღმოჩნდა, მათ შორის, 6-ჯერ პირველ ტაიმში...
რეალი - ბარსელონა 0:4
0:1, 0:2 ლევანდოვსკი (54, 56), 0:3 იამალი (77), 0:4 რაფინია (84)
ესპანეთი. პრიმერა დივიზიონი. მე-11 ტური. 26 ოქტომბერი: ვალიადოლიდი - ვილიარეალი 1:2, რაიო ვალეკანო - ალავესი 1:0, ლას-პალმასი - ჟირონა 1:0, რეალ მადრიდი - ბარსელონა 0:4