რაგბი

18:38 | 12.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ყაზბეგი 14:8 არმია

სტეფანწმინდის ‘ყაზბეგმა’ თბილისის ‘არმიას’ 14:8 სძლია და მეტოქე სატურნირო ცხრილში უკან მოიტოვა.

crocobet დიდი 10-ის მე-5 ტურს გუნდები ორ-ორი მოგებით შეხვდნენ. ‘ყაზბეგს’ ზედიზედ ორი წაგება ქონდა და ამ გამარჯვებით ხასიათთან ერთად პოზიციებიც გაიუმჯობესა. სტეფანწმინდელები 13 ქულით მე-3 ადგილზე დაწინაურდნენ, ‘არმიამ’ კი ნუგეშ-ქულა აიღო, ჯამში 12 მოაგროვა და მე-4 პოზიციაზეა.

„რაგბი პლატოზე“ გამართულ შეხვედრაში ნომინალურმა მასპინძლებმა დებიუტშივე ისარგებლეს მეტოქის შეცდომით და დავით იმნაძემ ჯარიმით ანგარიში გახსნა. ‘არმიამ’ ძალისმიერი შეტევებით უპასუხა, ‘ყაზბეგი’ ზედიზედ რამდენჯერმე დააჯარიმა და მე-13 წუთზე მოლი გიორგი მექვაბიშვილის ლელოთი დასრულდა. მერლს პიტერსს არცთუ ცუდი პოზიციიდან გარდასახვა გაუცუდდა.

სტეფანწმინდელებმა ლიდერობა 10 წუთში დაიბრუნეს. კონტრშეტევაზე ლევან ქუშაშვილმა კარგად იარა, 22-ში რაქიდან სწრაფად გავიდა ბურთი და არჩილ აბესაძემ ლელო გაიტანა. იმნაძეს გარდასახვა გაუცუდდა, თუმცა 5 წუთში ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 11:5 დასრულდა.

მეორე ტაიმი 13 წუთის დაწყებული იყო როდესაც იმნაძემ ჯარიმით საკუთარი გუნდის უპირატესობა გაზარდა. ტაიმის შუაში მას ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმა გაუცუდდა და პიტერსმა შორეული ჯარიმით საკუთარ გუნდს წარმატების იმედი 75-ე წუთზე დაუბრუნა, თუმცა ‘ყაზბეგმა’ თავი დაიცვა 14:8 გაიმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ვანო ბურდული გახდა.

RUGBY.GE

0.13471