საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა უკრაინასთან მატჩის (0:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ვერ აჩვენეს ის თამაში, რომლის ჩვენება სურდათ, განსაკუთრებით საწყის წუთებში, რის გამოც დაისაჯნენ.
„მძიმე თამაში გამოდგა, 20-25 წუთი ისეთი თამაში ვერ ვაჩვენეთ, როგორც ბოლო პერიოდში და ამის გამო დავისაჯეთ. გოლის მერე გამოვასწორეთ, ვდომინირებდით პირველი ტაიმის ბოლოს და მეორე ტაიმის გარკვეულ ფაზებში. მთლიანობაში ბოლომდე დავიხარჯეთ, მაგრამ ის თამაში ვერ ვაჩვენეთ, რისი სურვილიც გვქონდა. აუცილებლად გავაანალიზებთ შეცდომებს და იმედი გვაქვს, რომ მომდევნო თამაშისთვის მოვემზადებით, სამ დღეში გვაქვს თამაში და ვაჩვენებთ, რომ ბევრად უკეთ შეგვიძლია თამაში. მადლობა გულშემატკივარს და სამწუხაროა, რომ ვერ მივაღწიეთ იმ შედეგს, რომელიც ყველას გვინდოდა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ თბილისში, სამ დღეში გამოვასწორებთ“, - თქვა კიტეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამ ტურში 6 ქულა აქვს და ჩეხეთთან ერთად ლიდერობს, ხოლო მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს, თბილისში, ალბანეთთან გამართავს.