საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უკრაინის ნაკრებთან მარცხის (0:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, თამაშის დასაწყისი კატასტროფულად ჩაატარეს და მხოლოდ გოლის შემდეგ გამოფხიზლდნენ:
„თამაშის პირველი 30 წუთი ჩვენი მხრიდან კატასტროფა იყო. არც ინტენსივობა გვქონდა და არც აგრესიულობა. ასეთი თამაშის გამო უკრაინა იმსახურებდა გოლის გატანას. შემდეგ გავაუმჯობესეთ თამაში. თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ მატჩების მოსაგებად მაღალი დონის შენარჩუნებაა საჭირო, დღეს ეს ვერ გავაკეთეთ. მატჩის ორი მესამედი მოედანზე საუკეთესო გუნდი ვიყავით, მაგრამ წავაგეთ. საერთო ჯამში მეტი შანსი გვქონდა, ამიტომ იმედგაცრუებულები ვართ, თუმცა უკრაინის ნაკრებს ვულოცავ გამარჯვებას.
მოტივაციის ნაკლებობა სულაც არ იყო, ხანდახან სირთულეების წინაშე უნდა დადგე, რომ უკეთესი გახდე. ჩეხეთთანაც საწყისი 15-20 წუთი არ იყო კარგი, უნდა დავფიქრდეთ, რატომ ხდება ასე. ჩვენ გვაქვს სამუშაო და შეგვიძლია გაუმჯობესება. ჩვენ არ ვართ გერმანია ან ესპანეთი, არ გვაქვს ბევრი არჩევანი და გვესმის, რომ ბევრი უნდა ვიმუშაოთ. წინა მატჩებში კარგი გუნდური სულისკვეთებით ვთამაშობდით, დღეს ეს საწყის 30 წუთში არ მომხდარა. ეს ნიშნავს, რომ სამუშაო გვაქვს“, - თქვა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამ ტურში 6 ქულა აქვს და ჩეხეთთან ერთად ლიდერობს, ხოლო მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს, თბილისში, ალბანეთთან გამართავს.