საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კაკაბაძემ ერთა ლიგის მესამე ტურში უკრაინის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა.
„რა თქმა უნდა, სავარაუდოდ, სავსე იქნება სტადიონი, რასაც მიჩვეული ვართ. ბოლო პერიოდში შეგვიძლია გასვლით მატჩებში ქართველი გულშემატკივრის გამორჩევა, არ აქვს მნიშვნელობა სად ვთამაშობთ, ყოველთვის ბევრი გულშემატკივარი გვიჭერს მხარს. ერთ-ერთი ჩვენი ძლიერი მხარე სწორედ ესაა. გვინდა, ისინი გავახაროთ და სახლში ბედნიერი გავუშვათ.
ამ სტადიონზე ბევრი თამაში მაქვს ნათამაშები, პოლონეთში შევიკრიბეთ და მეც ფაქტობრივად სახლიდან მოვედი, მანქანით რამდენიმე საათში ჩამოვედი. გარემო არ შემიცვლია, თავს კარგად ვგრძნობ და ვნახოთ რა იქნება ხვალ“, - აღნიშნა კაკაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა-საქართველოს მატჩი 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. ჯგუფში ვილი სანიოლის გუნდი 6 ქულით ლიდერია, ხოლო სერგეი რებროვის გუნდი უქულოდ აუტსაიდერი. საქართველოს უკრაინა არასდროს დაუმარცხებია - 0 მოგება, 3 ფრე, 6 წაგება.