ფეხბურთი

23:17 | 5.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"სენტ ეტიენის" მწვრთნელი: "ზურიკო დღეს დიდებული იყო, მაგრამ მომატება შეუძლია"
"დავითაშვილს გაუმჯობესების უზარმაზარი პოტენციალი აქვს"

„სენტ ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლივიე დალ’ოლიომ „ოსერთან“ მატჩის (3:1) შემდეგ ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა.

ქართველი ფეხბურთელი მატჩის გმირი იყო, ჰეთ-თრიქი შეასრულა და ძალიან ეფექტური გოლები გაიტანა. დალ’ოლიომ ზურიკო შეაქო, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მას მეტიც შეუძლია.

„ზურიკო დღეს საღამოს დიდებული იყო. უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან ბევრი მომენტი ჰქონდა. ზურიკოს შრომა დაუფასდა, ნამდვილად კარგი მატჩი ჰქონდა. ვფიქრობ, მისთვის ეს შეიძლება გარდამტეხი გამოდგეს. ზაფხულში ამხანაგურ მატჩებშიც ვნახეთ, რა შეეძლო, რაც შემდეგ დღევანდლამდე ვერ ვნახეთ. მას ძალიან კარგი დარტყმა აქვს და შეუძლია შეტევების დასრულება. დღეს სრულყოფილი თამაში ჰქონდა, თუმცა სრულყოფილი ფეხბურთელი უნდა გახდეს, რადგან გაუმჯობესების უზარმაზარი პოტენციალი კიდევ აქვს. განსაკუთრებით უნდა მოუმატოს ბოლო პასზე. ვიცით რა შეუძლია, „ბორდოში“ სახიფათო იყო, ეს სეზონი საშუალოდ დაიწყო, მაგრამ ის არის ბიჭი, რომელსაც შეუძლია ძალიან დაგვეხმაროს“, - თქვა დალ’ოლიომ.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ტოპლიგაში ჰეთ-თრიქი შეასრულა. პირველად 21 წლის წინ, 2003 წელს, ბუნდესლიგაში ალექსანდრე იაშვილმა „ფრაიბურგის“ მაისურით „ვოლფსბურგს“ სამჯერ გაუტანა (ლევან კობიაშვილის ჰეთ-თრიქი ჩემპიონთა ლიგაზე იყო).

დავითაშვილი „სენტ ეტიენისთვის“ უპირობო ლიდერია, რაზეც სტატისტიკა მეტყველებს: ოლივიე დალ’ოლიოს გუნდს ამ სეზონში 6 გოლი აქვს გატანილი, საიდანაც 5-ში ზურიკო მონაწილეობდა - 3 გოლი და 2 საგოლე პასი! ის გამონაკლისი გოლიც „მწვანეებმა“ პენალტით გაიტანეს.

„სენტ ეტიენი“ 7 ქულით მე-12 ადგილამდე აღზევდა, მომდევნო ტურში კი 19 ოქტომბერს, „ლანსს“ უმასპინძლებს. ზურიკო დავითაშვილი მანამდე საქართველოს ნაკრებში ითამაშებს, რომელსაც შეკრებაზე ფანტასტიკურ განწყობასა და ფორმაში შეუერთდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114401