ფეხბურთი

14:18 | 4.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "რთული მატჩები გველოდება, მაგრამ მეტოქეებიც უკვე სხვანაირად გვიყურებენ"
ვილი სანიოლმა ბევრ თემაზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრები 7 ოქტომბერს პოლონეთში ერთად ლიგის უახლოესი ორი მატჩისთვის მზადებას დაიწყებს.

ვილი სანიოლმა გუშინ 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, დღეს კი, პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

„ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მაინტერესებდა როგორ შეხვდებოდნენ ფეხბურთელები ახალ გამოწვევას ახალი ციკლის სახით და პასუხმა მოლოდინს გადააჭარბა. ოქტომბერში მინდა ვიხილო, რომ სექტემბერი არ იყო შემთხვევითობა და ნამდვილად გადავდგით ნაბიჯი წინ. უკრაინასთან და ალბანეთთან ორი რთული თამაში გველის, თუმცა გვყავს 23 მოთამაშე და დარწმუნებული ვარ, მათაც უნდათ დამტკიცება, რომ სექტემბრის წარმატება კანონზომიერი იყო და სურთ პოზიტიური სერიის გაგრძელება.

უკრაინის ნაკრების შესახებ ბევრი რამ ვიცით. დიდი ხანია მაღალ დონეზე თამაშობენ და ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. ვიცით, რომ რთული თამაში გველის, მაგრამ მეტოქეებიც უკვე სხვანაირად გვიყურებენ. განსხვავებულ ფეხბურთს ვთამაშობთ და სწორედ ამიტომ, საინტერესო სანახავი მატჩი იქნება.

გიორგი მიქაუტაძეს ლიონში რთული პერიოდი აქვს, თუმცა ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. უნდა იბრძოლოს სათამაშო დროისთვის და დაიბრუნოს თავდაჯერება. ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ, რადგან კარგად გვახსოვს რა აქვს ნაკრებისთვის გაკეთებული ბოლო წლების განმავლობაში. ეს ფეხბურთია და წარმატებულ პერიოდს წარუმატებელი მოსდევს. დარწმუნებული ვარ, ის აუცილებლად იპოვის გამოსავალს.

გულიაშვილი საინტერესო ფეხბურთელია. განსხვავებული ტიპის შემტევია. ევროპის ჩემპიონატამდე მისი გამოძახება ნაადრევად მიმაჩნდა, თუმცა კლუბში სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და გამოძახება დაიმსახურა. ნონიკაშვილის და გოგლიჩიძის მსგავსად, ისეთი ფეხბურთელია, რომელიც იმსახურებს აქ ყოფნას, რათა გვაჩვენოს საკუთარი შესაძლებლობები.

კონკურენცია ყოველთვის კარგია გუნდისთვის. ბოლო 10 თვის განმავლობაში ნახევარდაცვაში სტაბილურობას მივაღწიეთ, თუმცა ვიცით, რომ ყოველთვის ერთი შემადგენლობით ვერ ვითამაშებთ. კარი უნდა გავხსნათ ახალი მოთამაშეებისთვის. ალთუნაშვილი დიდი ხანია ჩვენთან ერთად არის. შესანიშნავი პროგრესი აქვს კლუბში და კარგი არჩევანია ნაკრებშიც. ნონიკაშვილს პოტენციალი აქვს და უახლოეს მომავალში მზად იქნება მნიშვნელოვანი როლის შესასრულებლად. რაც შეეხება გოგლიჩიძეს, გასულ შეკრებაზე ის ბოლო მომენტში დავიმატეთ, რადგან ემპოლიში თამაში დაიწყო. ახლა მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს და ძალიან სტაბილურად გამოიყურება. მხოლოდ 20 წლისაა, თუმცა ვარჯიშებზე და მატჩებშიც გაცილებად გამოცდილი ფეხბურთელის შთაბეჭდილებას ტოვებს. ასე თუ გააგრძელა, შესაძლოა, ახალგაზრდულ ნაკრებში დაბრუნება საერთოდ აღარ მოუწიოს.

კვარაცხელიამ კონტეს ხელმძღვანელობით მოუმატა, უკეთ თამაშობს, ვიდრე გასულ სეზონში და ისინი ერთად ნაყოფიერად მუშაობენ. ხვიჩა ადრე თუ გვიან, ფორმაში ყოველთვის შედის. გასულ სეზონში მისი ფიზიკური მდგომარეობა მაეჭვებდა, მაგრამ ახლა ძალიან კმაყოფილი ვარ.

კონტრაქტზე ბევრს ვერ ვისაუბრებ. ძალიან კმაყოფილი ვარ აქ, ჩემითაც კმაყოფილები არიან, ერთა ლიგის დასრულების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფში ორი ტურის შემდეგ 6 ქულით ერთპიროვნული ლიდერია. ვილი სანიოლის გუნდი 11 ოქტომბერს, პოზნანში უკრაინას ესტუმრება, ხოლო 14 ოქტომბერს, თბილისში ალბანეთს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113968