ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში მორიგი ორი მატჩი გაიმართა, რომელშიც სტუმრებმა გაიმარჯვეს.
ბერგამოს „ატალანტამ“ დონეცკის „შახტარს“ გელზენკირხენში აჯობა, თანაც ძალიან დამაჯერებლად. მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, როცა ბერათ ჯიმსიტიმ და ადემოლა ლუკმენმა ორჯერ გაიტანეს. მეორე ნახევრის სტარტზე თავი რაულ ბელანოვამაც გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. კლასში სხვაობა ძალიან დიდი იყო. ირაკლი აზაროვს არ უთამაშია, სათადარიგო სკამზე დარჩა. ქართველ მცველს იშვიათად ენდობიან უკრაინულ კლუბში, მაგალითად, ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ ერთი წუთიც არ უთამაშია. „შახტარს“ ორ ტურში ერთადერთი ქულა აქვს, ხოლო „ატალანტას“ – 4.
კიდევ ერთი მატჩი „ჟირონასა“ და „ფეიენოორდს“ შორის გაიმართა, რომელიც ასევე სტუმრებმა მოიგეს, თუმცა გაცილებით დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში. თავიდან „ჟირონა“ იგებდა, მერე „ფეიენოორდი“, შემდეგ ანგარიში გათანაბრა და ბოლოს, მაინც ნიდერლანდებმა მოიგეს - 2:3. აღსანიშნავია, რომ „ჟირონას“ ფეხბურთელებმა ორი ავტოგოლი გაიტანეს. გარდა ამისა, ორი გაცუდებული პენალტიც იყო, ერთი მასპინძელთა და ერთი სტუმართა მხრიდან. „ჟირონას“ ორ ტურში ქულა არ მოუპოვებია, ხოლო „ფეიენოორდის“ აქტივში 3 ქულაა.
„შახტარი“ – „ატალანტა“ 0:3 (0:2)
გოლები: 0:1 ჯიმსიტი (21), 0:2 ლუკმენი (44), 0:3 ბელანოვა (48)
„ჟირონა“ – „ფეიენოორდი“ 2:3 (1:2)
გოლები: 1:0 ლოპესი (19), 1:1 ერერა (23, ა.გ), 1:2 მილამბო (33), 2:2 ვან დე ბეეკი (74), 2:3 კრეიჩი (79, ა.გ)