ფეხბურთი

17:00 | 2.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ბარსელონამ" ვოიცეხ შჩესნი დაიმატა

ახლა უკვე ოფიციალურად - ვოიცეხ შჩესნიმ კარიერა განაახლა და „ბარსელონაში“ ითამაშებს.

პოლონელმა მეკარემ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენი უნდა შეცვალოს, რომელმაც ცოტა ხნის წინ მძიმე ტრავმა მიიღო. სწორედ ამიტომ, დაუდგა „ბარსას“ მეკარის დამატების აუცილებლობა.

შჩესნიმ ზაფხულში „იუვენტუსთან“ კონტრაქტი, რომელიც 2025 წელს იწურებოდა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და შემდეგ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. როგორც მან თქვა, შეთავაზებები ჰქონდა, მაგრამ არა ისეთი, რაც მას მოტივაციას მისცემდა. აღსანიშნავია, რომ ვოიცეხი „იუვე“-„ნაპოლის“ მატჩის დაწყებამდე ტურინელმა ფანებმა გააცილეს და მას იტალიურმა კლუბმა გაცილების საღამო მოუწყო.

შეგახსენებთ, რომ ვოიცეხ შჩესნიმ „არსენალში“ (181 მატჩი), „რომაში“ (81 მატჩი) და „იუვენტუსში“ (252 მატჩი) ითამაშა, ერთი სეზონი იჯარით „ბრენტფორდშიც“ გაატარა, ხოლო პოლონეთის ნაკრების მაისური 84-ჯერ მოირგო.

0.064994