ფეხბურთი

19:10 | 27.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მჭედლიძე ფლორენციულ რადიოსთან გოგლიჩიძეზე, კვარაზე, იტალიაში ქართველების თამაშზე და სხვა...

რადიო Firenze Viola-მ ვეტერან ქართველ ფეხბურთელთან, ლევან მჭედლიძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელმაც სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, მათ შორის, საბა გოგლიჩიძეზე, რომელიც „ემპოლიში“ მისი დიდი დამსახურებით გადავიდა.

- კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულეთ. რას საქმიანობთ ახლა და გენატრებათ ფეხბურთის თამაში?

- ბუნებრივია, რომ ფეხბურთი მენატრება, რადგან კარიერა ჯანმრთელობის პრობლემების გამო დავასრულე. ძალიან რთული იყო, მაგრამ ადამიანი დროთა განმავლობაში ეგუება. ყოველთვის ფეხბურთის სამყაროში ვარ, ფეხბურთის გარეშე არ შემიძლია. ვცდილობ, საქართველოში საფეხბურთო სკოლა გავხსნა და რამდენიმე ფეხბურთელი იტალიაში წავიყვანო. ვმუშაობ ლუკა პუჩინელისთან ამის შესახებ. მას ძალიან კარგად ვიცნობ და ერთმანეთს ვენდობით.

- ქართველები სერია A-ში ძალიან კარგად თამაშობენ, ერთ-ერთი გოგლიჩიძეა...

- საქართველოში საფეხბურთო თვალსაზრისით ძალიან ვიზრდებით. ქართველები იტალიაშიც კარგად თამაშობენ, კვარაცხელიაზე ვერაფერს ვიტყვი - ჩემპიონია. ყველასთვის ნათელია, რომ ამ ბიჭს შეუძლია იმის მიღწევა, რაც სურს. გოგლიჩიძე ძალიან ჭკვიანი და პროფესიონალია. ის არ უნდა დაკმაყოფილდეს მიღწეულით, იმ მატჩებით, რომლებიც ჩაატარა და უფრო მეტისთვის უნდა იმუშაოს.

- გაკვირვებს შენი ყოფილი გუნდის ასეთი სტარტი სერია A-ში?

- ძალიან გამიკვირდა, სიმართლეს გეტყვით. პრეზიდენტ კორსის და კლუბის ხელმძღვანელობის დამსახურებაა. „ემპოლი“ ახალგაზრდულია გუნდია, რომელიც ლიგაში დასარჩენად იბრძვის. სეზონის განმავლობაში სირთულეები შეხვდება, მაგრამ ვფიქრობ, გუნდი ახალგაზრდა და ძლიერია. მომწონს „ემპოლის“ თამაშის ყურება და ყველა მატჩს ვუყურებ. მნიშვნელოვანია, გუნდმა ირწმუნოს თავისი ძალების. დ’ავერსას არ ვიცნობ, მაგრამ კარგად მუშაობს ფეხბურთელებთან ერთად.

- რაც შეეხება დერბის, მართალია, რომ ამ თამაშს ემპოლიში განსაკუთრებით ელოდებიან?

- დიახ, ეს მატჩი სხვებისგან ყოველთვის განსხვავდებოდა. ბოლო დროს „ემპოლი“ „ფიორენტინასთან“ კარგად თამაშობს. ქაღალდზე „ფიორენტინა“ ძლიერი გუნდია, რომლის ფეხბურთელებს ბევრი აქვთ დასამტკიცებელი. კინი „იუვენტუსში“ შემთხვევით არ იყო. თუმცა ჩემი აზრით, „ემპოლი“ ძალიან მოტივირებულია, „ტორინოსთანაც“ შესანიშნავად ითამაშა. ჩვეულებრივისგან განსხვავებული დერბი იქნება.

- „ფიორენტინას“ შესახებ რას იტყვით, რომელსაც არც თუ ისე კარგი სტარტი აქვს...

- როდესაც მთელ გუნდს შეცვლი და მწვრთნელიც ახალია, დრო და მოთმინებაა საჭირო. „ფიორენტინას“ დიდი პოტენციალი აქვს, ფანებმა მოთმინება უნდა გამოიჩინონ. მეორე მხრივ, „ემპოლიმ“ ეს უნდა გამოიყენოს.

- „ემპოლისთვის“ წნეხი ხომ არ იქნება ის, რომ გუნდი სატურნირო ცხრილში „ფიორენტინაზე“ წინაა?

- შედეგებზე ბევრ საუბარს აზრი არ აქვს. უბრალოდ, „ემპოლიმ“ უნდა გააგრძელოს ის, რასაც აკეთებს, სატურნირო ცხრილს არ უნდა უყუროს. გასავარდნ ზონაშიც რომ იყო, ეს თამაში უნდა მოიგო.

- რას იტყვით პარიზის შესახებ, რომელიც „ფიორენტინაში“ ისე ვერ თამაშობს, როგორც მანამდე „ემპოლიში“ თამაშობდა...

- ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ფეხბურთში ერთ საათში შეიძლება რაღაც შეიცვალოს. შეიძლება ახლა რაღაც კარგად არ მისდის, მაგრამ ცოტა ხანში შეიძლება ერთმა კარგმა თამაშმა ყველაფერი შეცვალოს. თუმცა, ბიძგი მისგან უნდა წამოვიდეს, პირველი მან უნდა ირწმუნოს საკუთარი თავის, რადგან ძლიერი ფეხბურთელია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116034