„ლივერპულის“ ყოფილი ფეხბურთელი გლენ ჯონსონი მიიჩნევს, რომ მერსისაიდელებმა მცველ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს კარგი პირობები უნდა შესთავაზონ კლუბში შესანარჩუნებლად. ტრენტის მოქმედი კონტრაქტი „წითელებთან“ 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგლისელის მომსახურებით მადრიდის „რეალი" დაინტერესდა.
„ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. ტრენტი ადგილობრივი ბიჭია, რომელიც კლუბში 20 წელია მოღვაწეობს, ამიტომ ცუდ ნოტაზე არ წავა. მაგრამ რეალობა ისაა, რომ თუ კლუბი შესთავაზებს გარიგებას, რომელიც მის ღირებულებას არ ასახავს, ტრენტი წავა და ეს „ლივერპულის“ ბრალი იქნება. მჯერა, რომ გულშემატკივრები ამას დაეთანხმებიან“, - ციტირებს ჯონსონის სიტყვებს ინგლისური Mirror.