ფეხბურთი

19:24 | 25.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" ტერ შტეგენის შემცვლელი იპოვა: შჩესნი კარიერის განახლებას დათანხმდა

ვოიცეხ შჩესნი საფეხბურთო კარიერას განაახლებს და „ბარსელონას“ ახალი მეკარე იქნება. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება.

ცნობილი ინსაიდერის ცნობით, პოლონელმა საბოლოო თანხმობა განაცხადა ესპანურ კლუბში გადასვლაზე, რომელსაც თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. 34 წლის პოლონელი სამედიცინო შემოწმებას უახლოეს დღეებში გაივლის და „ბლაუგრანასთან“ ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

„ბარსას“ მეკარის დამატების აუცილებლობა მას შემდეგ დაუდგა, რაც მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა უმძიმესი ტრავმა მიიღო და ფეხბურთს 8 თვით ჩამოშორდა.

სხვათა შორის, მანამდე, სანამ შჩესნის „ბარსელონაში“ გადასვლა პრაქტიკულად გადაწყდებოდა და ეს ინფორმაცია გავრცელდებოდა, პოლონელმა მოლაპარაკებებიც დაადასტურა: „დიახ, მოლაპარაკებები გვაქვს და განვიხილავ „ბარსელონაში“ გადასვლას. უპატივცემულობა იქნებოდა ეს ვარიანტი რომ არ განმეხილა. „ბარსა“ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია“.

შჩესნიმ ზაფხულში „იუვენტუსთან“ კონტრაქტი, რომელიც 2025 წელს იწურებოდა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და შემდეგ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. როგორც მან თქვა, შეთავაზებები ჰქონდა, მაგრამ არა ისეთი, რაც მას მოტივაციას მისცემდა. აღსანიშნავია, რომ ვოიცეხი შაბათს, „იუვე“-„ნაპოლის“ მატჩის დაწყებამდე ტურინელმა ფანებმა გააცილეს და მას იტალიურმა კლუბმა გაცილების საღამო მოუწყო.

შეგახსენებთ, რომ ვოიცეხ შჩესნიმ „არსენალში“ (181 მატჩი), „რომაში“ (81 მატჩი) და „იუვენტუსში“ (252 მატჩი) ითამაშა, ერთი სეზონი იჯარით „ბრენტფორდშიც“ გაატარა, ხოლო პოლონეთის ნაკრების მაისური 84-ჯერ მოირგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111882