ფეხბურთი

16:38 | 14.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ყველა ერთისთვის, ერთი ყველასთვის: ახალი მენტალობის საქართველოს ნაკრები
როგორ შეცვალა ვილი სანიოლმა ნაკრები

ალბანეთთან გამარჯვების შემდეგ ყველაზე მეტად გურამ კაშიას სიტყვები მენიშნა - ჩამოყალიბებული ფეხბურთელები გვყავსო.

ზუსტად ასეა, ჩამოყალიბებული ფეხბურთელებით შედგა ახალი ნაკრები, რომელიც სხვა სიმაღლეზე ავიდა. საქართველოს ნაკრები უკვე აღარ არის არავისთვის ხელწამოსაკრავი, მის წინააღმდეგ გამარჯვებას ადვილად ვერავინ დაგეგმავს, მით უფრო, საშუალო და ოდნავ უფრო მაღალი კლასის გუნდები.

საქართველოს ნაკრები უკვე მექანიზმია, ერთიან სისტემაში მოქცეული, რომელშიც თითოეულმა ფეხბურთელმა ზუსტად იცის თავისი როლი და ფუნქცია. რაც მთავარია, ეს აღარ არის ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული ნაკრები. რასაკვირველია, ხვიჩა კვარაცხელია ისევ ფუნდამენტური ელემენტია, რა თქმა უნდა, მისი შეცვლა შეუძლებელია და გუნდის გამოკვეთილი ლიდერია, რომელმაც შეიძლება გოლი ვერ გაიტანოს, მაგრამ თამაშზე მაინც უდიდესი გავლენა აქვს - მოედანზე უბრალოდ მისი ყოფნა უპირატესობაა. თუმცა იმის თქმა მინდა, რომ ვილი სანიოლის გუნდი მხოლოდ კვარას გოლზე ან საგოლე პასზე არაა დამოკიდებული, სხვებსაც შეუძლიათ ნებისმიერ მომენტში გადამწყვეტი მნიშვნელობის მოქმედებით გამოიჩინონ თავი, როგორც ეს იყო ალბანეთთან, ქოჩორამ გოლი არაფრისგან შექმნა.

რაც მთავარია, საქართველოს ნაკრებს საკადრო პრობლემები არ აქვს: კვარა, მიქაუტაძე, ჩაკვე, ქოჩორა, კიტე, მამარდა - ნებისმიერი რანგის ლიგაში ითამაშებდნენ, ისინი სწორედაც, რომ ჩამოყალიბებული, მაღალი კლასის და პროფესიონალიზმის ფეხბურთელები არიან. ცხადია სხვებიც - გურამ კაშიას ცალკე გვერდი ეკუთვნის: ფეხბურთელი, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად უკეთესი გახდა, ფეხბურთელი, რომელიც 37 წლის ასაკშიც ფეხბურთით ცხოვრობს და ისევ საიმედოა. ბევრჯერ ყოფილა მის მიმართ კრიტიკა, მაგრამ საქართველოს ნაკრებისთვის ასეთი სტაბილური ფეხბურთელის გახსენება ძნელია. როგორ მოუმატა ლაშა დვალმა? საუბარიც ზედმეტია, შეიძლება ცოტა ხნის წინ ეს წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ის უშეცდომოა, ძალიან კარგად ავსებს დაცვის ხაზს. და, როგორ ჩაეწერა ამ სისტემაში გიორგი გველესიანი? დაცვაში (სხვა რგოლებთან შედარებით) ასაკობრივი პრობლემაა, ნელ-ნელა შევსება აუცილებელია, მაგრამ ისეც არ არის, რომ კადრები არ იყოს. საბა საზონოვი, საბა გოგლიჩიძე, იგივე ლუკა ლოჩოშვილი და სოლომონ კვირკველია, რომელსაც ყოველთვის ბევრს აკრიტიკებენ, მაგრამ მის გამოცდილებაზე საქართველოს ნაკრებს ჯერ უარის თქმის ფუფუნება მგონია, რომ არ აქვს. მარტის პლეი-ოფში საბა უშეცდომო იყო, ევროპის ჩემპიონატზეც ურიგოდ არ უთამაშია, მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული ტრავმიდან ახალი დაბრუნებული იყო და ბოლომდე სათამაშო კონდიციაში არ გახლდათ, რაც ბევრმა არ იცის.

ლოჩოზე ცალკე უნდა ვთქვა: თავიდან, როცა ის სანიოლმა ახალ, ე.წ. ლატერალის პოზიციაზე ათამაშა, ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, ვერ წარმომედგინა, რომ მას შეეძლო ამ პოზიციაზე დავალების შესრულება. ალბათ, ყველა თუ არა, ბევრი ასეც ფიქრობდა, მაგრამ ლოჩოშვილმა დაამტკიცა, რომ შრომით ყველაფერი შესაძლებელია. შესაძლებელია, შეტევაში ისეთი აკურატული და ეფექტური სტილის არ იყოს, როგორც ყველას გვინდა, მაგრამ მე თუ მკითხავთ, სტატისტიკა მის მხარესაა: ბოლო ოთხ მატჩში, როცა ლოჩოშვილი მარცხენა მცველ-ნახევარმცველის ფუნქციას ასრულებდა, თავი მოპოვებული პენალტით და საგოლე პასით გამოიჩინა! ოთხი მატჩისთვის ეს ცოტა არაა, მეტიც, ძალიან კარგი შედეგია. ნუ, დაგვავიწყდება ის დაცვითი უნარები, რომელიც მას აქვს და როგორ ადგება გუნდს ეს ყოველივე. ასე რომ, სანიოლი ამ შემთხვევაშიც მართალი გამოდგა. კიდევ ერთი პლუსი, რაც მოედანზე ლოჩოშვილის ყოფნას აქვს: სტანდარტულებზე თამაში. საქართველოს ნაკრები ტანმაღალი ფეხბურთელებით არ გამოირჩევა (გველესიანი, კაშია, დვალი), ლოჩოშვილს კი, შეუძლია დაცვაში მაღალი ბურთების მოგება, შეტევაშიც ამ მხრივ დახმარება. ასე რომ, მეორე სართულზე თამაშში ერთგვარი ბალანსის საკითხიცაა.

ამბობენ, მეკარე ნახევარი გუნდიაო, საქართველოს ნაკრებს დიდხანს ჰქონდა მეკარის პრობლემა, რომელიც გიორგი ლორიას და ნუკრი რევიშვილის გამოჩენით გადაიჭრა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილისგან სხვა თავდაჯერება იგრძნობა, რომელიც მთელ გუნდს გადაეცემა. ის თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა და ამ ნაკრების წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის.

ზოგადად, სანიოლის მიმართ ბევრი კრიტიკა იყო, ჩემდა გასაკვირად ახლაც არის, არადა, ფაქტები აბსოლუტურად საპირისპიროზე მეტყველებენ - ფრანგს საუკეთესო შედეგები აქვს, ამ შედეგებში მისი წვლილი დიდია. შეუძლებელია არ დაინახო ის, რომ საქართველოს ნაკრები რა დონეზეც დღესაა, ინდივიდუალური ფეხბურთელების გარდა, მისი მუშაობის დიდი დამსახურებაა. სწორედ სანიოლმა მიაგნო ახალ სქემას, მან მისცა ნაკრებში გამოჩენის შესაძლებლობა გიორგი ქოჩორაშვილს, შეუცვალა პოზიცია კიტეს, ჩაკვეს, დაცვაში სისწრაფეების ნაკლებობა რაოდენობით დააბალანსა, ლოჩოშვილიც მისი ინოვაციაა, მანამდე წიტაიშვილი და შენგელიაც, რომლებიც სულაც არ არიან მარცხენა ლატერალები. გუნდში ატმოსფეროც შესანიშნავია, ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის. კვარამ უთხრა ალბანელ ჟურნალისტს, მნიშვნელობა არ აქვს გოლს ვინ გაიტანს, მთავარი გუნდია, ჩვენ ერთი ოჯახი ვართო და მართლაც ასეა.

საქართველოს ნაკრებისთვის უახლოეს წარსულში ყველაზე სუსტი რგოლი მოედნის ცენტრი იყო, განსაკუთრებით ჯაბა კანკავას წასვლის შემდეგ. ბოლო ერთ წელიწადში კი, ყველაფერი შეიცვალა: ქოჩორაშვილი-კიტეიშვილი-ჩაკვეტაძის ტრიო იდეალურად ავსებს და ერწყმის ერთმანეთს, ახლა, შეიძლება ეს ყველაზე ძლიერი რგოლია გუნდში. ერთადერთი პრობლემური ისაა, რომ ჯერ არ ჩანს, მათი სათანადო შემცვლელები საჭიროების შემთხვევაში. მაგალითად, კიტეს შეცვლა შეუძლებელია, ევრო 2024-მა ამაში დაგვარწმუნა, როცა კიტე თამაშობდა, საქართველოს ნაკრები სხვა იყო, როცა არ თამაშობდა - კიდევ სხვა. ქოჩორაც ასეა, უკვე შეუცვლელია, არადა, მას დებიუტი მხოლოდ ერთი წლის წინ ჰქონდა. ერთ წელში კი, გიორგიმ მოახერხა და ეროვნული ნაკრების ლიდერად იქცა.

ბევრ ნაკრებს (მითუმეტეს ჩვენი დონის) ნამდვილად არ აქვს იმის ფუფუნება, რომ სათადარიგო სკამზე ჰყავდეს ზურიკო დავითაშვილის და ბუდუ ზივზივაძის დონის ფეხბურთელები. ბუდუ უბრალოდ დაფრინავს, ზურიკოს თავის გუნდში ლიდერი და შეუცვლელია, ტოპლიგაში, მაგრამ არსებულ ვითარებაში საქართველოს ნაკრების ძირითადში ვერ ხვდებიან. ეს ცუდია? არა, ცხადია, კარგია. სანიოლს ნებისმიერ დროს შეუძლია მათზე დაყრდნობა, ესეც მიანიშნებს გუნდის ზრდასა და განვითარებაზე. ზოგადად, რთულია, რთული კი არა, შეუძლებელია, რომ მოედანზე ერთად იყვნენ კვარა, ჟორჟი, ჩაკვე, ბუდუ, ზურიკო, პლუს კიტე და ქოჩორა. ამდენი შემოქმედი ფეხბურთელით არავინ თამაშობს და არავის უთამაშია, ეს ფეხბურთის ნამდვილად გულშემატკივარმა კარგად იცის.

სანიოლს კიდევ ერთი პლუსი აქვს: ის ყოველთვის ხვდება თავის შეცდომებს. უშეცდომო არავინაა, ცხადია, არც მწვრთნელი და არც სანიოლი. მთავარი ისაა, რომ ფრანგი თავის შეცდომებს აღიარებს და ხვდება, არ სჩვევია გაჯიუტება, რაც ბევრ მწვრთნელს ახასიათებს. კიდევ ერთი: 2021 წლიდან, როცა ის ნაკრებშია, არაერთ ფეხბურთელს მიეცა შანსი, ვერ ვიტყვით, რომ ვინმე დაუმსახურებლად მიიწვია ან პირიქით, დაუმსახურებლად არ მისცა შანსი. რაც მთავარია, თვიდან თვემდე, ფეხბურთელების ფორმისა და სიტუაციიდან გამომდინარე არჩევს შემადგენლობას (განაცხადს). ცხადია, ყოველთვის იარსებებს სხვადასხვა აზრი, მით უფრო შემადგენლობასთან დაკავშირებით, მაგრამ უმეტეს წილად სანიოლის არჩევანი ლოგიკური და თანმიმდევრულია.

გამონაკლისი ალბათ, ირაკლი აზაროვი და გიორგი არაბიძეა. ზოგადად, აზაროვს ფრანგი ყოველთვის ენდობოდა, ბოლო ერთ წელიწადში შეიცვალა სიტუაცია, თუმცა, ირაკლი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და უახლოეს მომავალში მას ნამდვილად შეუძლია ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა. არაბიძესთან დაკავშირებით, ცოტა უფრო რთული სიტუაციაა, ის ვლადიმირ ვაისის შემდეგ არ ყოფილა ეროვნულ ნაკრებში, არც სამხრეთკორეაში ტრანსფერის შემდეგ მიეცა შანსი. თუმცა, აშკარაა, რომ მისი ნიჭი და კლასი ნაკრებს გამოადგებოდა. ისე კი, ამჟამინდელ სქემაში გიორგის ადგილი ცოტა რთულად მოსაძებნია, უფრო ჩაკვეტაძის პოზიციაზე, მაგრამ მოდი, ვაღიაროთ, რომ იმ დაცვით ფუნქციებს, რასაც ჩაკვეტაძე ასრულებს, სხვა უნარები სჭირდება, რაც ჯერჯერობით, არაბიძეში არ ჩანს, თორემ შეტევის მხრივ, მის კლასს არაფერი დაეწუნება.

შეიძლება უახლოეს მომავალში ახალი სქემის დატესტვის დროც იყოს, პრობლემა ისაა, რომ ამხანაგური მატჩებისთვის თავისუფალი ფანჯარა არაა: ჯერ ერთა ლიგის ოთხი მატჩია, შემდეგ პირდაპირ მუნდიალის შესარჩევი იწყება, შესაბამისად, ექსპერიმენტებისთვის დრო ფაქტობრივად არ არის. და, იმ ფონზე, 3-4-2-1 სქემით საქართველოს ნაკრებმა რა დონესაც მიაღწია, სანიოლის არჩევანიც გასაგებია - ახლა ამაზე ხელის ხლება შეიძლება ძალიან დიდი შეცდომა იყოს. შეცდომა, რომელიც მან ერთი წლის წინ ესპანეთთან დაუშვა და როგორც დასრულდა, კარგად ვიცით.

კიდევ ერთი: საქართველოს ნაკრები ასეთი სტაბილური, ასე მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა, ეს გადაუჭარბებლად ასეა. იყო დრო, როცა საქართველოს ნაკრები კარგი შემადგენლობის მიუხედავად მარცხდებოდა მოლდოვასთან, ლატვიასთან, კვიპროსთან და მსგავსი კალიბრის მეტოქეებთან, ბოლო დროს ასე აღარაა, ასეთი დონის მეტოქეების წინააღმდეგ სანიოლის გუნდი მოედანზე ყოველთვის დამაჯერებელია. ალბანეთისთვის ბევრჯერ მოგვიგია, მაგრამ იმ კალიბრის ალბანეთი არასდროს ყოფილა, როგორც ახლაა, მიუხედავად ამისა, ტირანულ მატჩში წამით არ მქონია განცდა, რომ ვერ მოვიგებდით. თამაშს ეტყობოდა კლასში სხვაობა, დამაჯერებლობა, თავდაჯერება. ზუსტად ესაა წარმატების ფუნდამენტიც: საქართველოს ნაკრები ახალი მენტალობის გუნდია - მებრძოლი და გამარჯვებული.

გუნდს სისტემური ფეხბურთის თამაში შეუძლია, მხოლოდ ინდივიდუალური გამონათებების იმედად აღარაა. შეუძლია თავის დაცვა მწყობრად, ჩავარდნის გარეშე და შეუძლია შეტევაში მწყობრად, გააზრებულად გადასვლა, პასებით, ინდივიდუალური აფეთქებებით და კომბინაციებით. მოკლედ, გუნდს ფეხბურთის თამაში შეუძლია. რასაკვირველია, ინდივიდებს სისტემაში დიდი მნიშვნელობა აქვს, ცხადია, შეტევაში კარგი თამაში გაჭირდება კვარას, ჩაკვეს და კიტეს გარეშე, ეს სრულიად ბუნებრივია, სხვანაირად არ შეიძლება. გინახავთ ძლიერი გუნდი ძლიერი ინდივიდუალისტების გარეშე? ჩავი-ინიესტა-მესის გარეშე პეპის გვარდიოლა ისეთი იქნებოდა, როგორიც იყო? ვერ იქნებოდა, ინდივიდები ქმნიან თამაშს, მთავარია, ეს გუნდური თამაში იყოს, სისტემაში მოქცეული და დღეს, საქართველოს ნაკრებში სწორედაც რომ ასეა.

გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და მუშაობა უნდა გაგრძელდეს, როგორც ტაქტიკური, ისე მენტალური თვალსაზრისით, ასევე სელექციის კუთხით, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს წინაშე შემდგარი, ჩამოყალიბებული, სტაბილური და თავდაჯერებული ნაკრებია, რომელიც გაჩერებას არ აპირებს და წინ ბევრი ახალი გამოწვევაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111073