ბრაზილიის ნაკრებმა მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე 1-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო. „სელესაომ“ საკვალიფიკაციო ტურნირში ბოლო ოთხ მატჩში ერთადერთი ქულა მოიპოვა, რაც კატასტროფული შედეგია.
ბრაზილიამ სერია ეკვადორთან საშინაო გამარჯვებით შეწყვიტა (1:0), მაგრამ პუბლიკისგან სტვენა დაიმსახურა, რადგან თამაშის ხარისხი კარგი ისევ არ იყო. მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა დორივალ ჟუნიორმა კომენტარი გააკეთა:
„ჩვენ ვეთამაშეთ გუნდს, რომელმაც მხოლოდ არგენტინასთან წააგო, ისიც არგენტინაში, ჩვენ კი, საკვალიფიკაციო ეტაპზე წარუმატებელი შედეგებით მოვედით ამ თამაშამდე. ხალხმა უნდა გაიგოს რა მდგომარეობა გვაქვს დღეს. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მეორე ნახევარში ანგარიშის შესანარჩუნებლად გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ თამაშში. ყველაფერი დროის საკითხია, გუნდს ვაშენებთ“, - თქვა ჟუნიორმა.
ბრაზილიის ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპზე 7 ტურის შემდეგ 10 ქულით მეოთხე ადგილზეა და 11 სექტემბერს, პარაგვაის ესტუმრება.