ფეხბურთი

0:50 | 7.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრების ლამაზი გოლები და გამარჯვება საფრანგეთთან

იტალიის ნაკრებმა ევრო 2024-ზე ძალიან ცუდად ითამაშა, იმდენად ცუდად, რომ მის მომავალსაც ბევრი ალმაცერად უყურებს. თუმცა, „სკუარდა აძურამ“ ერთა ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო და სტუმრად თვით საფრანგეთის ნაკრები ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა.

არადა, მატჩი იტალიელებისთვის კოშმარულად დაიწყო, რადგან მე-14 წამზე გაუშვა გოლი. ჯოვანი დი ლორენცოს უყურადღებობით ბრედლი ბარკოლამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. თუმცა, ეს ფრანგებისთვის ერთადერთი პოზიტივი იყო ამ მატჩში.

„პარკ დე პრენსზე“, სადაც კილიან მბაპე დაბრუნდა და პუბლიკა უსტვენდა, იტალიის ნაკრებმა დიდებულად ითამაშა. სპალეტის გუნდს არაერთი საგოლე მომენტი ჰქონდა, სამჯერ კი, ეფექტური გოლიც გაიტანა.

განსაკუთრებით ლამაზი გამოდგა პირველი გოლი, რომელიც 30-ე წუთზე ფედერიკო დიმარკომ შეაგდო. ანდრეა კამბიაზოს დიდებული პასის მერე დიმარკომ სანდრო ტონალისთან გაითამაშა კედელი და „ინტერის“ მცველმა ერთი შეხებით მაგარი გოლი შეაგდო.

მეორე ტაიმის სტარტზე იტალიამ მეორეც გაიტანა, ამჯერად უკვე დავიდე ფრატეზიმ, რომელმაც პირველ ტაიმში დაშვებული შეცდომა, როცა ლამის ცარიელ კარში ბურთი ხარიხას გაარტყა, გამოასწორა და მატეო რეტეგის პასის მერე ერთი შეხებით გაიტანა. 74-ე წუთზე თავი ჯაკომო რასპადორიმ გამოიჩინა და იტალიის ნაკრებმა 3:1 გაიმარჯვა.

იტალიამ საფრანგეთი 2008 წლის შემდეგ, როცა ევრო 2008-ზე აჯობა, პირველად დაამარცხა. ერთი პარალელი: 1978 წლის მუნდიალზე საფრანგეთმა იტალიას, როგორც დღეს, პირველივე წუთზე გაუტანა, თუმცა, მაშინაც იტალიამ მოიგო (2:1), როგორც დღეს.

იტალიის ნაკრებმა შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა და გულშემატკივარს იმედი დაუბრუნა. გუნდს ნამდვილად აქვს საფუძველი, რომელზეც მყარი მომავლის დაშენება შეიძლება. დიდიე დეშამის საფრანგეთს კი, აშკარა პრობლემები აქვს.

ამავე ჯგუფში მეორე მატჩი გაიმართა, რომელშიც ბელგიამ შინ 3:1 სძლია ისრაელს. მეორე ტურის მატჩები 9 სექტემბერს გაიმართება, რომელშიც ისრაელი იტალიას და საფრანგეთი ბელგიას უმასპინძლებს.

საფრანგეთი - იტალია 1:3 (1:1)

საფრანგეთი (4-2-3-1): მენიო; კლაუსი (კუნდე 77) კონატე, სალიბა, ტეო ერნანდესი; ფოფანა (კონე 58), კანტე (ზაირ-ემერი 77); გრიზმანი (ტურამი 77), ოლისე (დემბელე 58), ბარკოლა; მბაპე

მწვრთნელი: დიდიე დეშამი

იტალია (3-5-1-1): დონარუმა; დი ლორენცო, ბასტონი, კალაფიორი (ბონჯორნო 71); კამბიაზო, ფრატეზი (უდოჯი 61), რიჩი, ტონალი, დიმარკო (ბრეშანინი 81); პელეგრინი (რასპადორი 46); რეტეგი (კინი 81)

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

გოლები: 1:0 ბარკოლა (1), 1:1 დიმარკო (30), 1:2 ფრატეზი (51), 1:3 რასპადორი (74)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (3) – 11 (6) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 2:5 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: სანდრო შერერი (შვეიცარია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133572