ფეხბურთი

19:46 | 6.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "მსოფლიოს ჩემპიონატამდე გრძელი და რთული გზა არის"

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ერთა ლიგის B დივიზიონში საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდს დიდი პოტენციალი აქვს:

"ძალიან მაგარი ევროპის ჩემპიონატი ჩავატარეთ და ყველას გვეამაყება, თუმცა რთული ჯგუფი გველის. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს. არ უნდა ვიყოთ ზედმეტად თავდაჯერებულები. წარმატება უნდა გვახსოვდეს, თუმცა ახლა გვერდზე უნდა გადავდოთ და ერთა ლიგის მატჩები ახალი მუხტით ვითამაშოთ. არ უნდა დავუშვათ შეცდომა და ვიფიქროთ, რომ ადვილად მოვიგებთ. იოლი თამაშები არ გვექნება და ვნახავთ, რამდენად მზად ვართ ამისთვის. ისევ ისე უნდა ვიშრომოთ და ისევ ისე უნდა გვინდოდეს წარმატება, როგორც ეს ევროპის ჩემპიონატამდე იყო.

ყოველი ახდენილი ოცნების შემდეგ, ახალი ოცნება გაქვს. მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა საოცრება იქნება. ჩვენ გუნდს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. მსოფლიო დონის ახალგაზრდები გვყავს და დიდი იმედი მაქვს, რომ ამას შევძლებთ. თუმცა, ძალიან გრძელი და ურთულესი გზა არის მსოფლიო ჩემპიონატამდე.

მიხეილ მესხის სტადიონზე ბოლოს კვიპროსთან ვითამაშეთ. საკმაოდ კარგი გარემო იყო. ჩემთვის უმჯობესია დინამო არენაზე თამაში, თუმცა უმთავრესია სავსე სტადიონზე თამაში. მოცემულ შემთხვევაში, მესხის სტადიონი კარგი ვარიანტია, რადგან სტადიონის გავსების შესაძლებლობა გვაქვს, რომ გულშემატკივრის მუხტი ვიგრძნოთ. მგონია, რომ კარგი არ იქნებოდა ნახევრად სავსე სტადიონზე თამაში", - თქვა კაშიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში გამოვა, სადაც ჯგუფში ჩეხეთს, ალბანეთს და უკრაინას გაეჯიბრება. ვილი სანიოლის გუნდი 7 სექტემბერს, თბილისში, "მიხეილ მესხზე" ჩეხეთს უმასპინძლებს, რომელსაც 22 ივნისს, ჰამბურგში, ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე დაუზავდა (1:1), ხოლო 10 სექტემბერს, ტირანაში, ალბანეთის ნაკრებს ესტუმრება.

0.11879