ძიუდო

14:15 | 6.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი პარაძიუდოისტი გიორგი ქალდანი პარალიმპიადის ფინალშია

პარიზის პარალიმპიადის ფინალში იასპარეზებს ქართველი პარაძიუდოისტი გიორგი ქალდანი (73 კგ, კატეგორია J2). მან ნახევარფინალში ტოკიოს პარალიმპიადის ოქროს მედალოსანს უზბეკ უჩკუნ კურანბაევს იპონით სძლია.

მანამდე ქალდანმა მეოთხედფინალში რუმინელი დანიელ ვარგოცკი იპონით დაამარცხა. ქართველი ფინალში იაპონელ იუჯირო სეტოს დაუპირისპირდება. შეხვედრა დაახლოებით 20:00 საათისკენ შედგება. გიორგი ქალდანი ევროპის ორგზის ჩემპიონი და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულია. ის პარალიმპიადაზე მეორედ ასპარეზობს.

შეგახსენებთ, მიმდინარე პარალიმპიადაზე საქართველოს აქტივში 5 მედალია, რაც რეკორდია - 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ოქრო მძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ მოიპოვა (ბირთვის კვრა), ვერცხლს სროლაში ლადო ჭინჭარაული და ძიუდოში ზურაბ ზურაბიანი დაეუფლნენ, ხოლო ბრინჯაო ანა ჯაფარიძემ (ტაეკვანდო) და ნინა თიბილაშვილმა (ხმლით ფარიკაობა) მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო პარალიმპიადაზე მეხუთედ მონაწილეობს (2008, 2012, 2016, 2020, 2024) და აქამდე ჯამში ჰქონდა 4 მედალი - ზვიად გოგოჭურის ოქრო 2016 წელს (ძიუდო), ნინა თიბილაშვილის (პარაფარიკაობა), ინა ქალდანის და რევაზ ჩიკოიძის (ორივე ძიუდო) ვერცხლის მედლები 2020 წელს. ასე რომ, პარიზში მიმდინარე პარალიმპიადა საქართველოსთვის უკვე ყველაზე წარმატებულია.

ქალდანის ფინალში გასვლით კი, საქართველოს მეექვსე მედალი განაღდებული აქვს, ახლა გასარკვევია, თუ რა სინჯის მედალს მოიპოვებს.

0.110431