ფეხბურთი

0:26 | 5.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

დებიუტანტების კომენტარები საქართველოს ნაკრებში პირველად გამოძახებაზე

საქართველოს ნაკრებში მიმდინარე შეკრებაზე სამი დებიუტანტია - ცენტრალური მცველები საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია) და ლუკა გადრანი (კაირათი, ყაზახეთი), ცენტრალური ნახევარმცველი შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა).

მათ ნაკრებში გამოძახებისა და პირველი ემოციების შესახებ კომენტარი გააკეთეს:

შოთა ნონიკაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): „თითოეული ფეხბურთელისთვის მთავარი ოცნება ნაკრებში გამოძახებაა. ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება რეალობად იქცა. რთულია სიტყვებით იმის გადმოცემა, თუ რას ვგრძნობ ახლა. ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, ნაკრებში ოჯახური გარემოა. ქვეყნის მთავარ გუნდში ყოფნა დიდ სიხარულთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაა. ყველაზე ბედნიერი და ამაყი ვიყავი, როდესაც ოთახში ჩემი სახელობითი დროშა დამხვდა. ჩემი საფეხბურთო კარიერის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ნაწილობრივ შესრულდა და ეროვნულ გუნდში ვარ. ახლა კი, მთავარი მიზანი სანაკრებო დებიუტია, რასაც მოუთმენლად ველი“.

ლუკა გადრანი (ეროვნული ნაკრების წევრი): „მოხარული ვარ სანაკრებო გამოძახებით. ამისთვის ვშრომობდი და დამიფასდა, მომეცა შანსი გამოვადგე ჩემს ეროვნულ გუნდს. ეს ჩემი პირველი ნაბიჯებია ნაკრებში და დიდი სურვილი მაქვს, რომ კარიერის ბოლომდე გამოვადგე ჩემს ქვეყანას. იმედი მაქვს წარმატებით დავიწყებთ ერთა ლიგის ახალ გათამაშებას და გავიმარჯვებთ მოახლოებულ მატჩებში. ჩემი ქვეყნის ეროვნული გუნდისთვის, რაც შემიძლია ყველაფერს გავიღებ“.

საბა გოგლიჩიძე (ეროვნული ნაკრების წევრი): „ნაკრებში შესანიშნავი გარემოა. ბიჭები ძალიან თბილად დამხვდნენ. მიხარია და გაოცებულიც კი ვარ იმით, რაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოხდა ჩემს ცხოვრებაში. თუმცა, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის და უფრო მეტის იმედი მაქვს. ევროპის ჩემპიონატს გულშემატკივრის როლში ვუყურებდი, თუმცა ორმაგი ემოციით, რადგან შესანიშნავად ვიცოდი ბიჭები რას გრძნობდნენ. ამავდროულად, ეს იყო მოტივაცია ჩემთვის, რადგან მეც შემეძლო ნაკრებში მოხვედრა და ეს ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ პირველივე შეკრებაზე მოხდა. მინდა მადლობა გადავუხადო სამწვრთნელო შტაბს ნდობისთვის და ვეცდები, რომ იმედები არ გავუცრუო“.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში გამოვა, სადაც ჯგუფში ჩეხეთს, ალბანეთს და უკრაინას გაეჯიბრება. ვილი სანიოლის გუნდი 7 სექტემბერს, თბილისში, "მიხეილ მესხზე" ჩეხეთს უმასპინძლებს, რომელსაც 22 ივნისს, ჰამბურგში, ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე დაუზავდა (1:1), ხოლო 10 სექტემბერს, ტირანაში, ალბანეთის ნაკრებს ესტუმრება.

0.114824