სხვა

18:10 | 4.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნინა თიბილაშვილი და ირმა ხეცურიანი რაპირით ფარიკაობაში პარალიმპიადაზე უმედლოდ დარჩნენ

პარიზის პარალიმპიადაზე დღეს ქართველმა პარამოფარიკავეებმა, ნინა თიბილაშვილმა და ირმა ხეცურიანმა იასპარეზეს. ამჯერად მათ ძალები რაპირაში მოსინჯეს, თუმცა უმედლოდ დარჩნენ.

ხეცურიანმა პირველ შეხვედრაში ბრაზილიელ მონიკა სანტოსს 15:13 აჯობა, მაგრამ მეოთხედფინალში იაპონელ ანრი საკურაისთან 12:15 დამარცხდა, საიდანაც რეპეშაჟში გადავიდა, რომლის პირველი შეხვედრა ამერიკელი ელენ გედესის წინააღმდეგ მოიგო, მაგრამ შემდეგ ჩინელ სუ კანისთან 7:15 წააგო და მედლისთვის ბრძოლა დაასრულა.

მოგეხსენებათ, ხეცურიანმა გუშინ ხმლით ფარიკაობაში იასპარეზა, სადაც მეხუთე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედლამდე ცოტა დააკლდა.

რაპირაში იასპარეზა ნინა თიბილაშვილმაც, რომელმაც ჯერ მერვედფინალში განიცადა მარცხი სამხრეთკორეელ მეტოქესთან 4:15, ხოლო შემდეგ რეპეშაჟის პირველივე შეხვედრა დათმო ფრანგ ბრიანა ვიდესთან - 5:15. აღსანიშნავია, რომ თიბილაშვილმა გუშინ ხმლით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გადამწყვეტ შეხვედრაში სწორედ ხსენებულ ფრანგს, ბრიანა ვიდეს აჯობა (15:11).

შეგახსენებთ, მიმდინარე პარალიმპიადაზე საქართველოს აქტივში 4 მედალია - 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ოქრო მძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ მოიპოვა (ბირთვის კვრა), ვერცხლს სროლაში ლადო ჭინჭარაული დაეუფლა, ხოლო ბრინჯაო ანა ჯაფარიძემ (ტაეკვანდო) და ნინა თიბილაშვილმა (ხმლით ფარიკაობა) მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო პარალიმპიადაზე მეხუთე მონაწილეობს (2008, 2012, 2016, 2020, 2024) და აქამდე ჯამში ჰქონდა 4 მედალი - ზვიად გოგოჭურის ოქრო 2016 წელს (ძიუდო), ნინა თიბილაშვილის (პარაფარიკაობა), ინა ქალდანის და რევაზ ჩიკოიძის (ორივე ძიუდო) ვერცხლის მედლები 2020 წელს. ასე რომ, პარიზში მიმდინარე პარალიმპიადა საქართველოსთვის უკვე ყველაზე წარმატებულია. საქართველო ამ დროისთვის 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით ჩათვლაში 44-ე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117964