ფეხბურთი

14:56 | 4.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

შჩესნი: "ახალი კონტრაქტიც შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი, არ მინდოდა, "იუვესთვის" ფული მომეპარა"

ვეტერანმა პოლონელმა მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ „იუვენტუსის“ წასვლის შესახებ დეტალურად ისაუბრა.

ტურინულ კლუბთან მას კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებდა, მაგრამ იტალიურმა კლუბმა მიკელე დი გრეგორიო იყიდა, რის შემდგომაც პოლონელს კონტრაქტი გაუწყვიტეს. შჩესნიმ ამის შემდეგ 34 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

„არ ველოდი, რომ პროექტს მიღმა აღმოვჩნდებოდი, არასდროს წარმომედგინა. გასული სეზონის დასაწყისში ჯუნტოლისთან კონტრაქტის განახლებაზე ვისაუბრე, ოთახში 3 წუთის განმავლობაში ვისხედით. მან შემომთავაზა კონტრაქტის განახლება, მაგრამ ვუთხარი, რომ 2025 წელს კარიერის დასრულებას ვაპირებდი. შემეძლო, ახალ კონტრაქტს დავთანხმებულიყავი, მაგრამ არ მსურდა „იუვესთვის“ ფულის მოპარვა. შემდეგ დავიწყე გაზეთებში კითხვა, რომ „იუვე“ მოლაპარაკებებს დი გრეგორიოსთან აწარმოებდა, რომელსაც პატივს ვცემ. ვიფიქრე, რომ პერინს წასვლა სურდა და დი გრეგორიო იქნებოდა მეორე მეკარე. გასული სეზონის ბოლოს დარჩენაში დარწმუნებული ვიყავი და არ ველოდი, რომ პროექტში აღარ ვიქნებოდი. კონტრაქტის გაწყვეტა კლუბის გადაწყვეტილება იყო, არ გავიზიარე, მაგრამ მივიღე ეს გადაწყვეტილება.

მინდა, „იუვეში“ კიდევ ერთი წელი მეთამაშა, რადგან ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრის გაღება შემეძლო. თუმცა, კლუბის დატოვების შემდეგ სხვა გამოწვევებისთვის მზად არ აღმოვჩნდი. მიუხედავად იმისა, რომ კლუბის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, ჯუნტოლის მიმართ წყენა არ მაქვს. პატივს ვცემ კლუბის ხელმძღვანელობას, ისინიც პატივს მცემენ, „იუვენტუსის“ გულშემატკივრად დავრჩები.

არ მომწონს გამოსამშვიდობებელი მატჩები. არის ლაპარაკი ეროვნულ ნაკრებში ამის თაობაზე, ვნახოთ. იმედი მაქვს, რომ „იუვენტუსის“ გულშემატკივრებთან დამშვიდობების საშუალება სტადიონზე მექნება, ამ ვარიანტს განვიხილავთ“, - თქვა შჩესნიმ.

შეგახსენებთ, რომ ვოიცეხ შჩესნიმ „არსენალში“ (181 მატჩი), „რომაში“ (81 მატჩი) და „იუვენტუსში“ (252 მატჩი) ითამაშა, ერთი სეზონი იჯარით „ბრენტფორდშიც“ გაატარა, ხოლო პოლონეთის ნაკრების მაისური 84-ჯერ მოირგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114497