ფეხბურთი

0:59 | 1.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" უმძიმესი გამარჯვება 10-კაციან "პარმასთან" და ლუკაკუს სადებიუტო გოლი

„ნაპოლიმ“ იტალიის სერია A-ს მესამე ტურში „პარმას“ უმძიმეს ბრძოლაში 2:1 აჯობა.

არავინ იცის, რას მოახერხებდა ანტონიო კონტეს გუნდი, რომ არა 76-ე წუთზე მომხდარი ეპიზოდი, ამაზე ქვემოთ.

„ნაპოლიმ“ თამაში ძალიან ცუდად დაიწყო და „პარმა“ ბევრად აქტიურობდა. ნახევარ წუთში მასპინძლები ორჯერ გადარჩნენ, ჯერ ბურთი ხარიხას მოხვდა, შემდეგ - ძელს. თუმცა, „ნაპოლი“ ვერ გადარჩა მე-19 წუთზე, როცა პენალტი დაინიშნა და ანგე-იონ ბონიმ ანგარიში გახსნა.

„პარმას“ ამის შემდეგ ძალიან მშვიდად მიჰყავდა თამაში სასურველი სცენარით, „ნაპოლი“ კი, რეალურ მომენტს პრაქტიკულად ვერ ქმნიდა. თუმცა, 76-ე წუთზე სტუმართა მეკარემ, ზიონ სუძუკიმ დაუფიქრებლად ითამაშა, საჯარიმოს გარეთ დაარღვია თამაშის წესი და ყვითელი ბარათი მიიღო. პრობლემა ისაა, რომ მას მანამდეც ჰქონდა გაფრთხილება მიღებული, შესაბამისად გააძევეს. ეს კიდევ არაფერი: იმ დროისთვის „პარმას“ ყველა შეცვლა გაკეთებული ჰქონდა და კარში ჩადგომა მინდვრის მოთამაშეს, ენრიკო დელ პრატოს მოუწია.

„პარმამ“ ამ რთულ სიტუაციაშიც ძლებდა, 15 წუთი გაძლო, მაგრამ 92-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ გაათანაბრა. დიახ, ლუკაკუმ, რომელიც ორი დღის წინ დაიმატეს ნეაპოლელებმა და სადებიუტო მატჩი ჩაატარა. 4 წუთის შემდეგ უკვე ფრანკ-ანდრე ზამბო ანგისამ გაიტანა გამარჯვების გოლი. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა მატჩს 11 წუთი დაამატა.

„ნაპოლი“ „უმეკარეო“ „პარმასთან“ ქულების დაკარგვას მაინც გადაურჩა, არა იმიტომ, რომ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გატეხა მეტოქე, არამედ იმიტომაც, რომ 2:1-ზე, შეხვედრის ბოლო წუთზე „პარმას“ დიდებული მომენტი ჰქონდა და ალექს მერეტმა ითამაშა საოცრად.

ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, რამდენჯერმე სცადა გოლის გატანა, მაგრამ არ გამოუვიდა. ქართველ შემტევს მიმდინარე სეზონში ოთხ შეხვედრაში თითო გოლი და საგოლე პასი აქვს აქტივში.

„ნაპოლის“ სამი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას 15 სექტემბერს, სტუმრად „კალიარისთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110289