ფეხბურთი

15:59 | 30.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

იაშვილი: "იაკობაშვილის გამოძახება გვინდოდა, მაგრამ მას უნგრეთის ნაკრებში თამაში სურს"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ტექნიკურ საკითხებზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ანტალ იაკობაშვილთან, რომელიც უნგრეთის ნაკრებში გამოიძახეს, კონტაქტი ჰქონდათ, მაგრამ მან უნგრეთის ნაკრებში თამაში აირჩია.

„ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პასუხისმგებლობა გაზრდილია. ჩვენი მიზანი ყოველთვის წარმატების მიღწევაა. ამ ეტაპზე, ჩეხეთთან პირველი მატჩია უმნიშვნელოვანესი და ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, საკუთარ კედლებში წარმატებული თამაშია.

გვსურს, რომ წარმოშობით ქართველმა ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრებში ითამაშონ. ანტალ იაკობაშვილთან პირველი კონტაქტი დიდი ხნის წინ გვქონდა. მოთამაშეს ესაუბრა მთავარი მწვრთნელიც და გვსურდა, რომ ის მარტის პლეი-ოფში ჩვენთან ერთად ყოფილიყო, რაზეც, სამწუხაროდ, უარი თქვა. ბოლო საუბარი რამდენიმე დღის წინ შედგა. სამწუხაროდ, მას უნგრეთის ნაკრებში სურს თამაში და წარმატებას ვუსურვებთ.

რა თქმა უნდა, ყველას გვსურდა, რაც შეიძლება მეტი მაყურებელი ყოფილიყო ეროვნული ნაკრებს მატჩზე. როგორც იცით, სტადიონს არ აქვს უფლება, რომ ტრიბუნები სრულად ავითვისოთ. შემოგვთავაზეს მხოლოდ მეორე იარუსით სარგებლობა. ამიტომ, დინამო არენაზე თამაში, ამ ეტაპზე, გამოირიცხა. როდესაც სტადიონი მზად იქნება, რომ ტევადობა სრულად ავითვისოთ, სიამოვნებით დავბრუნდებით დინამო არენაზე“, - თქვა იაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს, თბილისში, ჩეხეთის ნაკრებს უმასპინძლებს, რომელსაც ისტორიაში ერთადერთხელ შეხვდა, 22 ივნისს, ჰამბურგში, ევრო 2024-ის მეორე ტურში და დაუზავდა (1:1), ხოლო 10 სექტემბერს, ტირანაში, ალბანეთის ნაკრებს ესტუმრება, რომელსაც აქამდე 15-ჯერ შეხვდა, საიდანაც 8 მატჩი მოიგო, 3-ჯერ წააგო და 4-ჯერ ფრეს დასჯერდა.

0.123355