საქართველოს ნაკრების მცველი საბა საზონოვი კარიერას "ემპოლიში" გააგრძელებს, ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ქართველი „ემპოლის“ იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა, შესაბამისად, 1+3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. "ემპოლიში" კიდევ ერთი ქართველი მცველი, საბა გოგლიჩიძე ირიცხება, ხოლო თავის დროზე ამ გუნდში ლევან მჭედლიძეს და ირაკლი შეყილაძეს უთამაშიათ, ასე რომ, იქ ქართველებს კარგად იცნობენ. საბა "ემპოლიში" 15-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
საზონოვის გარდა, „ტორინოდან“ „ემპოლიში“ იჯარით პიეტრო პელეგრი გადავიდა, ხოლო სებასტიან ვალუკიევიჩმა ტურინულ გუნდს მიაშურა, რომლის სანაცვლოდ „ემპოლიმ“ ორი ფეხბურთელის იჯარის გარდა, 5 მილიონი ევროც მიიღო. მომავალ წელს ტოსკანელებს საბას გამოსყიდვა 3 მილიონ ევროდ შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვი „ტორინოს“ შარშან შეუერთდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ვერ დამკვიდრდა და დღემდე ტურინულ გუნდში მხოლოდ 13 თამაში ჩაატარა. „ემპოლიმ“ მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყო და სერია A-ში ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს მოპოვებული.