საქართველოს ეროვნული ლიგის 21-ე ტურში ორი მატჩი გაიმართა. ტურის მთავარი დაპირისპირება „დინამო თბილისის“ და „ტორპედოს“ შეხვედრა იყო, რომელიც სტუმრებმა 2:1 მოიგეს.
თავიდან „დინამო“ იგებდა, ნიკა ნინუას შესანიშნავი გოლით. მან „დინამოში“ დაბრუნების შემდეგ პირველად გამოიჩინა თავი, მაგრამ ეს გოლი მის გუნდს ვერაფერში წაადგა.
პირველივე ტაიმში მომო იანსანემ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, მერე მან დუბლიც შეასრულა და როგორც გაირკვა, გამარჯვების გოლი გაიტანა. იანსანე „ტორპედოს“ დიდებულად მოერგო, მას უკვე 5 გოლი დაუგროვდა იმერულ გუნდში.
„დინამო თბილისს“ შეეძლო თამაშის გადარჩენა, მაგრამ შეხვედრის მიწურულს თორნიკე ოქრიაშვილმა პენალტი ვერ გაიტანა, რომელსაც ფილიპ კლიაიჩმა აჯობა.
„ტორპედო“ მეორე ადგილზეა და სამი ქულით ჩამორჩება „დილას“, რომელსაც მომდევნო ტურში ეთამაშება. აღსანიშნავია, რომ სტივ კინის გუნდს თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული. „დინამო თბილისი“ 25 ქულით მხოლოდ მეექვსეა.
ისევ ვერ მოიგო „დინამო ბათუმმა“, რომელიც „სამგურალთან“ შინ ნულოვან ფრეს დასჯერდა. ანდრეი დემჩენკოს გუნდი 34 ქულით მესამეა, მაგრამ საჩემპიონო ამბიცია აშკარად აღარ აქვს. „სამგურალი“ 23 ქულით მეშვიდეა.