რა არის სმენის ნერვის ნევრინომა?
სმენის ნერვის ნევრინომა, იგივე ვესტიბულარული შვანომა წარმოადგენს შემთხვევების 6-10%-ში თავის ტვინის პირველად სიმსივნეს და 80%-ში ყველა ნათხემ-ხიდის კუთხის სიმსივნეს. ეს სიმსივნეები ვითარდებიან შვანური უჯრედების ჰიპერპროდუქციის შედეგად, რომლებიც ქმნიან აქსონურ გარსებს პერიფერიულ ნერვსა და განგლიებში.
როგორ ვითარდება სმენის ნერვის ნევრინომა?
- უპირატესად, სიმსივნე იწყება VIII კრანიალური ნერვის ვესტიბულური ნაწილიდან.
- სიმსივნური უჯრედების ზრდასთან ერთად ზეწოლის ქვეშ ექცევიან ვესტიბულური და სასმენი ბოჭკოები და როგორც წესი, იწვევენ სმენის დაქვეთებას, ხმაურს ყურებში, წონასწორობის დარღვევასა და თავბრუსხვევას.
- სიმსივნის შემდგომი ზრდა იწვევს სამწვერა ნერვის კომპრესიასა და სახის დაბუჟებას.
- ასევე შესაძლებელია დააზიანოს სახის ნერვი და გამოიწვიოს სახის კუნთების სისუსტე ან სპაზმი.
- ზრდასთან ერთად სიმსივნე იკავებს ნათხემ-ხიდის კუთხის დიდი ცისტერნის სივრცეს, აკომპრესირებს ტვინის ღეროსა და ნათხემს.
- ასევე შორსწასულ შემთხვევებში შესაძლოა ლიქვოროცირკულაციის დარღვევადა ჰიდროცეფალიის განვითარება.
რამდენად გავრცელებულია სმენის ნერვის ნევრინომა?
სტატისტიკურად გვხვდება 100 000 მოსახლეზე 1 ნევრინომა წლის განმავლობაში და იგი მეტწილად ქალებში ჭარბობს. ძირითადად გვხვდება 30-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანებში.
- შემთხვევების 90% არის ერთმხრივი;
- 4% დაკავშირებულია ნეიროფიბრომატოზის II ტიპთან;
- 6% კი დაკავშირებულია თავის ტვინის მრავლობით სიმსივნეებთან.
როგორ მკურნალობენ სმენის ნერვის ნევრინომას?
დღეს არსებობს მკურნალობის 2 ძირითადი მეთოდი:
- ქირურგიული მკურნალობა - გამოიყენება 3 ძირითადი ქირურგიული მიდგომა: რეტროსიგმოიდური, ტრანსლაბირინთული და მიდგომა შუა ფოსოდან.
მსოფლიოს წამყვან ნეიროქირურგიულ კლინიკებში 1.5 სანტიმეტრზე მცირე სიმსივნეების ქირურგიის შემთხვევაში, სახის ნერვის ფუნქციის შენარჩუნება შესაძლებელია პაციენტების 90%-ში, თუმცა შედარებით დიდი ზომის სიმსივნეების არსებობისას სახის ნერვის შენარჩუნება ხდება მხოლოდ პაციენტების 40-50%-ში .
ოპერაციის შემდგომ, პაციენტების 30-60%-შია შესაძლებელი, პოტენციურად სმენის შენარჩუნება.
პოსტოპერაციულ გართულებებში აღსანიშნავია ლიქვორეა (შემთხვევების 3-18%-ში), რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროებს განმეორებით ოპერაციას, ასევე სისხლჩაქცევა პოსტოპერაციულ არეში (პაციენტების 2%-ში), ნათხემის შეშუპება, ჰემიპარეზი, მენინგიტი (პაციენტების 2-3%-ში), ჭრილობის ინფიცირება (პაციენტების 1%), სხვა კრანილური ნერვების დაზიანება (პაციენტების 2-3%-ში). ლეტალური გამოსავალი (პაციენტების 0.5-3 %-ში), რეციდივირება (პაციენტების 8-10%-ში).
- სტერეოტაქსიული რადიოქირირგია სმენის ნერვის ნევრინომების დროს მიმართულია სიმსივნის შემდგომი ზრდის შეჩერებისკენ, კრანიალური ნერვების ფუნქციის შენარჩუნებასა და ნევროლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.
სმენის ნერვის ნევრინომების რადიოქირურგიული მკურნალობის ყველაზე დიდი გამოცდილება დაგროვებულია გამა ნაიფით (Gamma Knife) მკურნალობის შემთხვევაში და არის უსაფრთხო, ქირურგიასთან შედარებით გაცილებით უფრო მაღალშედეგიანი ალტერნატივა.
პირველი პაციენტის მკურნალობა სმენის ნერვის ნევრინომით, გამა ნაიფით (Gamma Knife) შესრულდა ლარს ლექსელის მიერ 1969 წელს. არსებობს ლიტერატურული მონაცემები 60 000 პაციენტის რადიოქირურგიული მკურნალობის შესახებ, რომლებშიც ნათლად არის დადასტურებული 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სიმსივნის ზომებში მომატების შეწყვეტის შესახებ პაციენტების 94-100%-ში. თანამედროვე მიდგომებით, სმენის საწყისი მდგომარეობით შენარჩუნება შესაძლებელია პაციენტების 60-80%-ში. სახის ნერვისა და სამწვერა ნერვის ფუნქცების შენახვა კი პაციენტების 96%-ში.
10 წლის განმავლობაში შეისწავლეს სმენის ნერვის ნევრინომის დიაგნოზით პაციენტები, რომლებსაც ჩაუტარდათ მკურნალობა გამა ნაიფით (Gamma Knife), მათგან 96%-ს არ დასჭირვებია დამატებითი მკურნალობა 10 წლის განმავლობაში. სმენის შენარჩუნება და მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს პაციენტების 87%-ში.
აქედან გამომდინარე, დღევანდელ დღეს არსებობს დამტკიცებული არგუმენტები Gamma Knife-ის უპირატესობის შესახებ სმენის ნერვის ნევრინომების მკურნალობაში.
®