აზერბაიჯანული „ზირა“ კონფერენს ლიგის პლეი-ოფში გავიდა, რაშიც დიდი წვლილი დავით ვოლკოვმა შეიტანა.
"ზირას" და "ოსიეკის" პირველი მატჩი ხორვატიაში 1:1 დასრულდა, ხოლო აზერბაიჯანში ხორვატები 90-ე წუთამდე იგებდნენ (2:1), თუმცა, ბოლო წუთზე ვოლკოვმა საოცარი სილამაზის გოლი გაიტანა. ზღაპრული გოლი იყო, რასაც მნიშვნელობაც ერთვის - ამ გოლით „ზირა“ გავარდნას გადაურჩა და თამაში დამატებით დროში გადავიდა, სადაც არაფერი შეცვლილა.
ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, რომელიც „ზირამ“ 2:1 მოიგო. საოცრად ითამაშეს ორივე გუნდი მეკარეებმა და 10-დან 7 პენალტი მოიგერიეს - სამი ხორვატების მეკარემ, ხოლო ოთხი პენალტი მასპინძელმა მეკარემ, პორტუგალიელმა ტიაგო სილვამ მოიგერია და ვოლკოვთან ერთად ის გახდა მატჩის გმირი. ქართველმა ფორვარდმა 120 წუთი ითამაშა, თუმცა პენალტი არ დაურტყამს. არ უთამაშია გიორგი პაპუნაშვილს, რომელიც „ზირას“ ცოტა ხნის წინ შეუერთდა.
29 წლის დავით ვოლკოვმა სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო: აზერბაიჯანის ჩემპიონატის ორ ტურში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ევროპა ლიგის და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე ექვს შეხვედრაში 4 გოლი შეაგდო.
"ზირა" კონფერენს ლიგის პლეი-ოფში ნიქოზიის "ომონიას" შეხვდება, რომელმაც მოგეხსენებათ, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი მატჩის ჯამში ქუთაისის "ტორპედო" დაამარცხა (5:2).