რაგბი

18:12 | 14.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

20 წ. | ლადო კილასონია – „ამაყი ვარ ამ გუნდს რომ ვწვრთნიდი“

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა წლევანდელ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე სამი თამაში მოიგეს და მე-9 ადგილი დაიკავეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო გაისადაც იქნება წარმოდგენილი უმაღლეს დონეზე.

2016 წლის შემდეგ (2020-2022 წლებში ტურნირი კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარდა), უმცროსმა ბორჯღალოსნებმა აღნიშნულ ტურნირზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშეს და მეორედ შეძლეს ხუთიდან სამი თამაშის მოგება, რაც ფანტასტიური შედეგია. პირველად ეს 2018 წელს დაფიქსირდა და მაშინაც გუნდმა მე-9 ადგილი დაიკავა, სამჯერ მე-10 პოზიციაზე გავედით, შარშან კი სარეკორდო, მე-8 ადგილი დაიკავა (ჯგუფურ ეტაპზე ორი მოგებით).

საქართველოს წელს ნახეფარფინალში თამაში შეეძლო მაგრამ მსაჯის შეცდომებმა მეორე შეხვედრაში ირლანდიის დამარცხება არ დაგვანება და ბოლო ტურშიც ინგლისსა და სამხრეთ აფრიკას შორის, ჩვენთვის სასურველი შედეგი არ დაფიქსირდა (ინგლისს 8 და მეტი ქულის სხვაობით უნდა მოეგო, რაც 5-8 ადგილისთვის თამაშის უფლებას მოგვცემდა, მაგრამ 17:12 გაიმარჯვა).

შედეგზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა გუნდმა ხარისხიანი თამაშები ჩაატარა. მთავარი მწვრთნელი ლადო კილასონია ამბობს, რომ წარმატების მთავარი საწინდარი ერთი მიზნის გარშემო გაერთიანებული გუნდი გახდა:

„როგორ შეიძლება ამ ბიჭებით უკმაყოფილო ვიყო და აქ მხოლოდ მოგებებს კი არა, გუნდში არსებულ სიტუაციას ვგულისხმობ, რაც ჩემი აზრით წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი გახდა. როდესაც შემადგენლობას ასახელებ და ვიღაც განაცხადში ვერ ხვდება, ძალიან მარტივია მას მოტივაცია დაეკარგოს და ვარჯიშზე სრულად არ დაიხარჯოს, მაგრამ ჩვენთან ასეთი რამ ერთხელაც არ მომხდარა. ვარჯიშზე ყველა ბოლომდე იხარჯებოდა, თუნდაც ის მისთვის უცხო პოზიციაზე დაგვეყენებინა“.

„ყველა მოთამაშემ, რომლებიც ჩვენთან არა მხოლოდ სამხრეთ აფრიკაში, არამედ დასკვნით შეკრებაზე იყვნენ, საკუთარ მეს აჯობეს – როგორც გუნდისთვის უკეთესია, ასეთი იყო პასუხი ყველა მსგავს შემთხვევაში. ასეთმა გუნდმა შეიძლება თამაში წააგოს, მაგრამ არ მარცხდება! ამ ასაკში ამის გააზრება წარმოუდგენელი რამაა. მწვრთნელები ამაყები ვართ ასეთი შეკრული გუნდი რომ გვყავდა“.

„ძალიან საინტერესო და მაგარი ჩემპიონატი გამოვიდა. ვთვლი, რომ ოთხი თამაში მოვიგეთ, რადგან ვერავინ მათქმევინებს, რომ ირლანდიასთან წავაგეთ. მადლობა მთელს სამწვრთნელო ჯგუფს, თითოეულ მოთამაშეს, მათაც ვინც შემადგენლობაში ამ ეტაპზე ვერ მოხვდა, რადგან ამ კონდიციაში მათი მხრიდან სრულად დახარჯვის გარეშე ვერ ვიქნებოდით“.

რა მოხდა ირლანდიასთან

ის, რომ ირლანდიასთან სასურველი შედეგი არ დაფიქსირდა, დიდწილად მსაჯის დამსახურებაა, რომელმაც სხვა მრავალ შეცდომასთან ერთად, ბორჯღალოსნების ლელო უსამართლოდ გააუქმა და ბოლო შეტევისას რამდენიმე წესების დარღვევა ვერ შენიშნა:

„შეცდომას ყველანი ვუშვებთ, თანამედროვე რაგბის მსაჯობა კი ძალიან რთული საქმეა, ეს გასაგებია, გაუგებარი სხვა რამეა, როდესაც ხარ 7-კაცას მსაჯი და გვერდით გყავს ასევე გამოუცდელი მსაჯი და მოვდივართ თხოვნით რომ ეპიზოდი გადაამოწმო, უნდა გადაამოწმო. ვფიქრობ რომ ეს ეპიზოდი უნდა გადამოწმებულიყო, რისი წინაპირობა და საშუალება არსებობდა და მაშინ სავარაუდოდ თამაშს მოვიგებდით. მსაჯების შეცდომები მსოფლიო რაგბმაც დაადასტურა, მაგრამ ამით ანგარიში არ შეცვლილა. სწორედ ამიტომ ვთვლი რომ ეს შეხვედრა არ წაგვიგია“ – დარწმუნებულია კილასონია.

მანამდე იყო პირველი თამაში ავსტრალიასთან, რომელშიც მეტოქემ დამსახურებულად, 35:11 მოიგო. აღსანიშნავია, რომ უმცროს ბორჯღალოსნებს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა არასდროს მოუგიათ:

„ავსტრალიასთან ჩემი შეცდომის გამო დავმარცხდით. რაოდენ კარგ ტალღაზეც არ უნდა წახვიდე, ვგულისხმობ ინგლისთან 45:17 მოგებას, გახსნით თამაშს ყოველთვის თან ახლავს წნეხი, თან ძლიერი მოწინააღმდეგით იწყებ. ავსტრალიასთან დაცვაში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ გვქონდა დისციპლინის პრობლემები და შესაბამისად, არ გვქონდა ბურთი. რაც შეეხება ჩემს შეცდომას. ინგლისთან ამ ანგარიშით კონტრშეტევის ხარჯზე მოვიგეთ და ჩავთვალე, რომ დარტყმა-ახურვის ერთ-ერთ ასპექტზე, იმდენი აღარ იყო სამუშაო დ სწორედ აქ გვაჯობა ავსტრალიამ და მაგ თამაშის შემდეგ ამ კომპონენტს ყველა ვარჯიშზე ვუთმობდით ყურადღებას“ – აღნიშნა კილასონიამ.

გადამწყვეტი შეხვედრა ფიჯისთან

ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში იტალიის სასურველი ბონუსით – 28:17 (4 ლელოს გატანისთვის) დამარცხების შემდეგ, ინგლისს სამხრეთ აფრიკისთვის 8 და მეტი ქულის სხვაობით რომ მოეგო, უმცროსი ბორჯღალოსნები მე-5-მე-8 ადგილების ნახევარფინალში გადიოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა და ფიჯისთან ფაქტობრივად გადამწყვეტი ჯახი მოგვიწია, მით უმეტეს, რომ მომავალი ჩემპიონატის მასპინძელი ჯერ ცნობილი არაა და შესაძლოა, ელიტის დატოვება მე-11 გუნდს მოუწიოს.

დამაჯერებელი პირველი ტაიმის შემდეგ, ფიჯიმ მისთვის სასურველ თამაშში აგვიყოლია. მატჩის ბოლოს არჩათვლილი ლელოთი, მსაჯმა შეხვედრის დასკვნით წუთებს დრამატიზმი შემატა, თუმცა კაცნაკლულმა საქართველომ გამარჯვების მოპოვება მოახერხა და 2025 წელს ელიტაში თამაშის უფლება დაიბევა:

„ფიჯისთან საუკეთესო თამაში არ გვქონდა, მაგრამ მოვიგეთ და მიზანი შევასრულეთ. ვიცოდით, რომ ფიჯი ჩვენთან თამაშს უმიზნებდა და ამისათვის მზად ვიყავით, პირველი ტაიმის ბოლოსაც 21:7 ვიგებდით, მაგრამ ფიჯიმ სასწაული ლელო გაიტანა და თამაშში დარჩა. მეორე ტაიმში მეტოქე ვეღარ დავკეტეთ, ვერ ვითამაშეთ ფეხით ისე, როგორც გვინდოდა, მაგრამ ღია თამაშშიც საკმარისი ქულები ავიღეთ“.

„ამ თამაშის შემდეგაც გავაგზავნეთ ვიდეო მსოფლიო რაგბის სამსაჯო კომიტეტში. სამი ლელოს შემთხვევაში გვქონდა წინპასის პრეტენზია, საიდანაც ერთი დაგვიდასტურეს, ერთი უარყვეს და ერთზე არაფერი გვიპასუხეს. გარდა ამისა, ისეთი ბოჭვები, რომლის გამოც ჩვენ 2 ყვითელი ბარათი მივიღეთ, ფიჯის 10-მდე ქონდა და რეაგირების გარეშე დარჩა. ბოლო არჩათვლილ ლელოზე მოგვწერეს, რომ ფიჯელი ურტყამს თქვენიანს, მაგრამ ბოლომდე მართალი არც თქვენიანიაო“ – იხსენებს კილასონია, რომლის გუნდმა, ფიჯის შემდეგ იტალია მეორედაც დაამარცხა, ამჯერად 24:13 და მე-9 ადგილი დაიკავა.

კილასონიამ იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რის გამოც 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გუნდი შემადგენლობაში დიდი როტაციის გარეშე ათამაშა:

„ჩავებღაუჭეთ იმედს და ინგლისს სამხრეთ აფრიკისთვის სასურველი სხვაობით რომ მოეგო, მე-5 ადგილის ნახევარფინალს ვითამაშებდით. გარდა ამისა, სამ თამაშში ძნელია შეთამაშება და გამოცდილების დაგროვება. მეოთხე თამაში გვქონდა ფიჯისთან, რომელთანაც აუცილებლად უნდა მოგვეგო და ამისათვის შეთამაშებული და გამოცდილი გუნდი იყო საჭირო. ბოლო შეხვედრაში ფრთხილი დატრიალება გვქონდა. როდესაც მიზანს მიაღწევ, მერე იწყებ შემდეგი წლისთვის მზადებას და ერთი წლით პატარებს აძლევ გამოცდილების მიღების შესაძლებლობას. მაგრამ მათ მანამდეც ითამაშეს და ეს გამოცდილება მიიღეს“.

RUGBY.GE

0.128798