იტალიის ნაკრების ფრენბურთელის, პაოლა ეგონუს მურალი დახატვიდან 24 საათში გადაღებეს.
მას შემდეგ, რაც იტალიამ ფრენბურთში პირველად მოიგო ოლიმპიური თამაშები, რომში, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შენობის წინ პაოლას მურალი დახატეს. ეგონუ ოლიმპიადაზე საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და მან დიდი წვლილი შეიტანა ჩემპიონობაში. ამიტომაც, მხატვრის ინსპირაციაც პაოლა გახდა.
თუმცა, ეგონუს კანის ფერი იტალიაში დიდი ხანია განხილვის თემაა და მურალზე შავი ფერი ვარდისფრად გადაღებეს. ასევე წაშალეს წარწერა: „შეაჩერეთ რასიზმი, სიძულვილი, ქსენოფობია და უცოდინარობა“.
იტალიელმა პოლიტიკოსმა რობერტო ვანაჩიმ, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ეგონუს წინააღმდეგ კომენტარებით, ამჯერად ასეთი განცხადებაც კი გააკეთა: „ვულოცავ ფრენბურთელებს, მათ შორის, პაოლა ეგონუსაც, რომელიც ძალიან კარგი იტალიელი სპორტსმენია. მე არასდროს მეპარებოდა ეჭვი მის იტალიურ ბუნებაში, მაგრამ ისევ ვფიქრობ, რომ მისი ფიზიკური თვისებები არ წარმოადგენს იტალიელების უმეტესობას“.
მურალის ავტორმა, ლაიკამ, სოციალურ ქსელში ვანდალიზმის შესახებ ასეთი განცხადება გააკეთა: „რასიზმი საშინელი კიბოა, რომლისგანაც იტალია უნდა განიკურნოს“.
ეგონუ, რომელსაც მხარდაჭერა არაერთმა ცნობილმა ადამიანმა გამოუცხადა, იტალიაში დაიბადა, ქალაქ ჩიტადელაში, მისი მშობლები ნიგერიელები არიან, ხოლო მან იტალიის მოქალაქეობა 15 წლის ასაკში მიიღო და იტალიის ნაკრებს წლებია წარმოადგენს. ოლიმპიადის გარდა, მოგებული აქვს ევროპის ჩემპიონატზე ოქროს და ბრინჯაოს მედლები, ასევე, მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალი.
აღსანიშნავია, რომ პაოლა ეგონუმ 2022 წელს იტალიის ნაკრები დატოვა, მაშინაც მიზეზი მისი კანის ფერი და ამასთან დაკავშირებული სკანდალები იყო. თუმცამ ცოტა ხანში პაოლა ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა და გუნდს ისტორიული ოლიმპიური ოქრო მოაგებინა, თუმცა, როგორც ჩანს, ამას ბევრი არაფერი შეუცვლია...