ჭიდაობა

18:36 | 11.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

გენო პეტრიაშვილი: "ტოკიოს ფინალი არ დამავიწყდება, მაგრამ ამ გამარჯვებამ შვება მომგვარა"

ოლიმპიურმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა თავისი გამოსვლა შეაფასა. როგორც მან თქვა, ამ ტიტულმა დიდი შვება მისცა, თუმცა, ტოკიოში წაგებულ ფინალს ვერაფერი გადაფარავს.

მანამდე გენომ გივი მაჭარაშვილის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფინალი დასანანი შეცოდმით წააგო.

„ყველაფერი ძალიან კარგად დასრულდა. ცოტა დასანანი იყო გივის წაგება, ვერ გამოავლინა თავისი შესაძლებლობები, 100%-ით დარწმუნებული ვიყავი, რომ მოუგებდა, მიუხედავად იმისა, რომ მაგარი მეტოქე ჰყავდა, გივის შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარებოდა. უბრალოდ, რაღაც შეცდომა დაუშვა და მეტოქემ არ აპატია. მინდა, გივის მივულოცო ვერცხლის მედალი, ძალიან დიდი შედეგია.

რაც შეეხება ჩემს გამოსვლას, დადებითად შევაფასებ. არ მგონია, ტოკიოს ფინალის წაგება რამემ გადაფაროს, მაგრამ რაღაც დიდი შვება მომგვარა იმან, რომ ოლიმპიური თამაშები მოვიგე, ღმერთმა არ დამტოვა ოლიმპიადის ოქროს მედლის გარეშე. ჩემი კარიერის დასაწყისში ალბათ, იმის მეხუთედს ან მეათედს თუ ვინატრებდი, რასაც მივაღწიე. უბრალოდ წარმოუდგენელია, ძალიან ამაღელვებელია ჩემთვის ამაზე საუბარი. მადლობა, რომ გვერდში მიდგახართ და მამხნევებთ“, - თქვა პეტრიაშვილმა.

შეგახსენებთ, გენო პეტრიაშვილი 3-გზის მსოფლიოს ჩემპიონი (პლუს 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო) და 2-გზის ევროპის ჩემპიონია (პლუს 5 ვერცხლი, 3 ბრინჯაო), ხოლო, ოლიმპიადაზე 2016 წელს რიოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 2021 წელს ტოკიოში ვერცხლი, ამჯერად კი პარიზში - ოქრო.

საქართველოს დელეგაციამ პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საბოლოო ჯამში 7 მედალი მოიპოვა. ლაშა ბექაური (ძიუდო), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) და ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) ოქროს დაეუფლნენ, ტატო გრიგალაშვილმა, ილია სულამანიძემ (ორივე ძიუდო) და გივი მაჭარაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) ვერცხლი მოიპოვეს, ხოლო ლაშა გურულმა (კრივი) ბრინჯაო დაისაკუთრა.

ოთარ მაღლაკელიძე WORLDSPORT.GE-სთვის პარიზიდან

0.121123