ჭიდაობა

0:45 | 11.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

გენო პეტრიაშვილი: "ამ გამარჯვებას ჩემს გმირებს, შინდისში დაცემულ ვაჟკაცებს ვუძღვნი"

გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ კიდევ ერთხელ ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა ყველას, თავის გუნდს, გულშემატკივარს, ოჯახს, გამარჯვება კი, შინდისის გმირებს მიუძღვნა.

„პირველ რიგში მადლობა ღმერთს, რომ ასე კარგად დავამთავრეთ. მადლობა თითოეულ თქვენგანს. მინდა, ჩემი გამარჯვება, ჩემს გმირებს, ჩემს შინდისში დაცემულ ვაჟკაცებს მივუძღვნა. მადლობა ჩემს გიორგი იანტბელიძეს, ჩემს მწვრთნელებს, ჩემს პირად მწვრთნელს, არჩილ ბარამიძეს, ჩემს ექიმებს, აბსოლუტურად ყველას, თითოეულ თქვენგანს მადლობა, ჩემს ფედერაციას, ოლიმპიურ კომიტეტს. ჩემს შვილებს, ჩემს ოჯახს, ჩემს უფალს და სამშობლოს ვუძღვნი. იმედია, არ გამეღვიძება. მაგარი რაღაცა მოხდა, ამდენი წელი ველოდეთ და მადლობა ღმერთს, ასე კარგად დაგვირგვინდა. მადლობა ჩემს მასაჟისტს, რომელმაც დილას მითხრა, რომ თუ ვერ მოიგებ, მოგკლავო. ყველას დიდი მადლობა, არავინ მინდა გამომრჩეს.

ფინალი რთული იყო, დიდ ემოციებში ვიყავი, თითოეულ შეძახილს კარგად ვიაზრებდი, დაღლის მომენტი იყო, მაგრამ გადავლახე, ტოკიოში ცუდი შეხვედრა წავაგე, კიდევ ბევრჯერ წავაგე და იმის შემდეგ თითქმის არცერთი ტურნირი მომიგია, მაგრამ დავბრუნდი და გავიმარჯვე, გიჟური ემოციებია, ვერ ვიჯერებ“, - თქვა გენომ.

ქართველმა ფალავანმა პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც უკრაინელი ოლექსანდრ ხოციანივსკი ძალიან ადვილად, სუფთად 11:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში პოლონელ რობერტ ბარანს 9:2 აჯობა, ხოლო ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილს ძალიან დამაჯერებლად 7:0 მოუგო. ფინალში პეტრიაშვილმა დრამატულ ბრძოლაში 10:9 ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე დაამარცხა.

შეგახსენებთ, გენო პეტრიაშვილი 3-გზის მსოფლიოს ჩემპიონი (პლუს 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო) და 2-გზის ევროპის ჩემპიონია (პლუს 5 ვერცხლი, 3 ბრინჯაო), ხოლო, ოლიმპიადაზე 2016 წელს რიოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 2021 წელს ტოკიოში ვერცხლი, ამჯერად კი პარიზში - ოქრო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციის მონაგარი პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე 6 მედალია: ლაშა ბექაური (ძიუდო), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) და ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) ოქროს დაეუფლნენ, ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ (ორივე ძიუდო) ვერცხლი მოიპოვეს, ხოლო ლაშა გურულმა (კრივი) ბრინჯაო დაისაკუთრა. 11 აგვისტოს, ქართველებიდან ბოლოს იასპარეზებს გივი მაჭარაშვილი, რომელიც ფინალშია და მედალი განაღდებული აქვს.

ოთარ მაღლაკელიძე WORLDSPORT.GE-სთვის პარიზიდან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11351