ჭიდაობა

23:33 | 10.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

გენო პეტრიაშვილი: "დავბრუნდი, თან მაგრად დავბრუნდი"

ოლიმპიურმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა „პირველ არხთან“ მოკლე კომენტარი გააკეთა დრამატული ფინალის შემდეგ.

„ემოციებს ვერ გეტყვით, მძინავს და მგონია, რომ სიზმარში ვარ, არ გამეღვიძოს. მადლობა გულშემატკივარს, ყველას, რომ დავწყნარდები, კიდევ გეტყვით, დავბრუნდი, თან მაგრამ დავბრუნდი“, - თქვა გენომ.

გენომ კომენტარი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახურთანაც გააკეთა: „არ მჯერა, იმედია, დავიჯერებ. არ ვიცი რა გითხრათ, ყველას ძალიან დიდი მადლობა. მადლობა უფალს, რომ შევძელი, ღმერთის გარეშე ვერაფერს გავხდებოდი. დანარჩენს დავწყნარდები და გეტყვით“.

ქართველმა ფალავანმა პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც უკრაინელი ოლექსანდრ ხოციანივსკი ძალიან ადვილად, სუფთად 11:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში პოლონელ რობერტ ბარანს 9:2 აჯობა, ხოლო ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილს ძალიან დამაჯერებლად 7:0 მოუგო. ფინალში პეტრიაშვილმა დრამატულ ბრძოლაში 10:9 ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე დაამარცხა.

გენო პეტრიაშვილი 3-გზის მსოფლიოს ჩემპიონი (პლუს 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო) და 2-გზის ევროპის ჩემპიონია (პლუს 5 ვერცხლი, 3 ბრინჯაო), ხოლო, ოლიმპიადაზე 2016 წელს რიოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 2021 წელს ტოკიოში ვერცხლი, ამჯერად კი პარიზში - ოქრო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციის მონაგარი პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე 6 მედალია: ლაშა ბექაური (ძიუდო), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) და ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) ოქროს დაეუფლნენ, ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ (ორივე ძიუდო) ვერცხლი მოიპოვეს, ხოლო ლაშა გურულმა (კრივი) ბრინჯაო დაისაკუთრა. 11 აგვისტოს, ქართველებიდან ბოლოს იასპარეზებს გივი მაჭარაშვილი, რომელიც ფინალშია და მედალი განაღდებული აქვს.

0.113423