პარიზის ოლიმპიადაზე სერბეთის საკალათბურთო ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მესამე ადგილისთვის შეხვედრაში სერბეთმა გერმანია 93:83 დაამარცხა და შარშან, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო. სერბებმა უპირატესობა პირველივე პერიოდში მოიპოვეს (30:21) და შეიძლება ითქვას, სწორედ ეს გამოდგა გარდამტეხი, რადგან დარჩენილი პერიოდები ქულა-ქულაში წარიმართა.
საუკეთესო ნიკოლა იოკიჩი იყო, რომელმაც 19 ქულით, 12 მოხსნით და 11 პასით სამმაგი დუბლი მიითვალა. ვასილიე მიჩიჩიც 19 ქულით გამოირჩა, ხოლო გერმანიას ფრანც ვაგნერმა 18 ქულით და 4 მოხსნით ულიდერა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 23:30 საათზე ფინალში აშშ მასპინძელ საფრანგეთს დაუპირისპირდება.