პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მე-14 საშეჯიბრო დღე დასრულდა, რის შემდგომაც სათამაშო გუნდურ სახეობებში ფინალისტები გაირკვა, კაცთან ფრენბურთში კი, ბრინჯაოს მედალი გათამაშდა.
კალათბურთი (ქალები)
აშშ-ს ქალთა ნაკრები ფინალშია, რაც მოსალოდნელი იყო. ამერიკელმა გოგონებმა ნახევარფინალში ავსტრალია ძალიან ადვილად, 85:64 დაამარცხეს. მეორე ნახევარფინალში საფრანგეთმა ოვერ-ტაიმში 81:75 აჯობა ბელგიას და ფინალშია, სადაც 11 აგვისტოს, აშშ-ს შეხვდება (17:30 საათი), მანამდე ბრინჯაოს მედალს ბელგია და ავსტრალია გაითამაშებენ.
მანამდე დღეს კაცებში გათამაშდება მედლები: ჯერ გერმანია და სერბეთი ბრინჯაოსთვის ითამაშებენ (13:00 საათი), შემდეგ ფინალში საფრანგეთი - აშშ-ს მატჩია (23:30)
ფრენბურთი (კაცები)
ფრენბურთში ვაჟთა შორის ბრინჯაოს მედალი გათამაშდა, რომელიც ამერიკის ნაკრებმა მოიპოვა. აშშ-მ ბრინჯაოსთვის შეხვედრაში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი იტალია 3:0 დაამარცხა. მიუხედავად ანგარიშისა, მაინც დაძაბული ბრძოლა იყო, სამივე სეტი ამერიკელებმა მხოლოდ ორ-ორი ქულის სხვაობით მოიგეს.
დღეს კაცებში ფინალი იქნება საფრანგეთსა და პოლონეთს შორის (15:00 საათი), ხოლო ქალებში ბრინჯაო გათამაშდება, რომლისთვისაც ბრაზილია და თურქეთი იბრძოლებენ (19:15 საათი). თავის მხრივ, ქალების ფინალი 11 აგვისტოს, 15:00 საათზეა ჩანიშნული, ოქროსთვის იტალია და აშშ დაუპირისპირდებიან.
წყალბურთი (კაცები)
ვაჟებს შორის წყალბურთში ფინალისტები გაირკვა. სერბეთის ნაკრებმა აშშ-ს ადვილად აჯობა (10:6), ხოლო ხორვატიამ უნგრეთს დაძაბულ ბრძოლაში 9:8 მოუგო. შესაბამისად, ფინალში 11 აგვისტოს, სერბეთი-ხორვატიას შეხვდება (16:00 საათი, ხოლო ბრინჯაოსთვის აშშ და უნგრეთი იბრძოლებენ (12:35 საათი).
მანამდე, დღეს ქალებში გათამაშდება მედლები: ფინალში ავსტრალია და ესპანეთი დაუპირისპირდებიან (17:35 საათი), ბრინჯაოსთვის - აშშ და ნიდერლანდები (12:35 საათი).
ხელბურთი (კაცები)
ხელბურთში ვაჟებს შორის ფინალისტები გაირკვა. ორივე ნახევარფინალი დაძაბული გამოდგა და ორივეში ყველაფერი ერთი გოლის სხვაობამ განაპირობა. ჯერ გერმანიამ აჯობა ესპანეთს და 25:24 გაიმარჯვა, ხოლო შემდეგ დანიის ნაკრებმა სლოვენია დაამარცხა 31:30. ამრიგად, 11 აგვისტოს ფინალში დანია და გერმანია შეხვდებიან (15:30 საათი), ხოლო მანამდე ბრინჯაოსთვის ესპანეთი - სლოვენიას გაეჯიბრება.
ქალებს შორის დღეს გათამაშდება მედლები: 12:00 საათზე ბრინჯაოსთვის დანია შვედეთს შეხვდება, ხოლო 17:00 საათზე ფინალია ნორვეგიისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის.