სხვა

10:32 | 9.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

რა უნდა ვიცოდეთ კუჭის ბალონირების შესახებ

რა უპირატესობები აქვს კუჭის ბალონირებას?


ზოგადად, კუჭის თვითგაწოვად ბალონებს ევროპისა და სხვა ქვეყნებში უკვე დიდი ხანია იყენებენ, იგი გამოცდილი და აღიარებული პროცედურაა. ამგვარი ბალონების ძალიან დიდი უპირატესობა კი ის არის, რომ არ საჭიროებს არანაირ დამატებით მანიპულაციას - ბალონის პაციენტის კუჭში მოსათავსებლად არ არის საჭირო პაციენტის დაძინება, ბალონის ენდოსკოპიურად ჩაყენება და არც მისი ამოღება 6 თვის გასვლის შემდეგ, რადგან პაციენტი თავად ყლაპავს ბალონის კაფსულას, რომელსაც ექიმი ბერავს სპეციალური სითხით. 4-6 თვის განმავლობაში კი ბალონის ქსოვილი ხდება გაწოვადი და შემდეგ უკვე ბუნებრივი გზით გამოიდევნება პაციენტის ორგანიზმიდან.

როგორ ვიკლებთ წონაში კუჭში მოთავსებული ბალონის დახმარებით?

ბალონი მუცელში იკავებს გარკვეულ ადგილს, რის გამოც:

  • პაციენტი უფრო დანაყრებულად გრძნობს თავს;
  • მიღებული საკვები თორმეტგოჯა ნაწლავში შედარებით გვიან ხვდება, რის გამოც მეტი ხნით რჩება ორგანიზმში;
  • პაციენტი საკვებს ნაკლები პორციებით იღებს.

შესაბამისად, ბუნებრივად მივდივართ წონაში კლებამდე.

რა ეტაპებისგან შედგება კუჭის ბალონირების პროცედურა?

  1. პაციენტი ბალონის კაფსულას ყლაპავს წყალთან ერთად;
  2. ექიმი რენტგენის დახმარებით ამოწმებს და რწმუნდება, რომ კაფსულა ნამდვილად კუჭშია;
  3. კაფსულას ექიმი ავსებს სპეციალური სითხით, რომლის სტანდარტული რაოდენობაც ყველა პაციენტისთვის არის 550 მილილიტრი;
  4. ბოლოს კი, ექიმი კვლავ ამოწმებს, რომ ბალონი ნამდვილად არის სითხით სავსე და კუჭში მოთავსებული.

კიდევ რა უნდა ვიცოდეთ?


უნდა გავითვალისწინოთ, რომ კუჭის ბალონირების პროცედურის ჩატარების შემდეგ პაციენტებს აუცილებლად დასჭირდებათ დიეტოთერაპია.

ზოგადად, მთელ პროცესში აქტიურად არის ჩართული დიეტოლოგიც, რომელიც ყოველდღიურად/ყოველკვირეულად აკონტროლებს პაციენტს, უნიშნავს შესაბამის დიეტას და რეკომენდაციებსაც აძლევს, როდის უნდა გააქტიურდეს ფიზიკურად, როდის და რომელი ნივთიერების შემცველი საკვები უნდა მიიღოს მეტად, რათა მკურნალობის მთელი ეს პროცესი მაქსიმალურად ეფექტური იყოს.

როგორ შედეგს უნდა ველოდოთ?

საშუალოდ, პაციენტი მთელი სხეულის მასის 10-15%-ს კარგავს კუჭის ბალონირების პროცედურის დახმარებით, ბალონის მოშორებიდან ერთი წლის შემდეგ კი დაკარგული წონის 95%-ს ინარჩუნებს.

ეს რიცხვები კი ძალიან კარგია, რადგან სხეულის მასის 5%-ის დაკარგვაც კი საკმაოდ ამცირებს ჭარბი წონისთვის დამახასიათებელი ისეთი გართულებების განვითარების რისკებს, როგორიცაა დიაბეტი და გულის დაავადებები.

®

0.104602