სხვა

13:51 | 8.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა გურული: "შედეგით კმაყოფილი ვარ, ეს მედალი მთელი ცხოვრება მექნება"

ქართველმა მოკრივემ, ლაშა გურულმა პარიზის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მიიღო. მან დაჯილდოების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„მივიღე მედალი, რომლისკენაც დიდხანს მივდიოდი. დაჯილდოების დროს განსაკუთრებული ემოციები არ მქონია, მაგრამ ვტკბებოდი ამ მომენტით და ბედნიერი ვიყავი, მიუხედავად მესამე ადგილისა, რადგან ამდენ ქვეყანას შორის საქართველოს დროშა აღიმართა. საფრანგეთის, კუბის და კანადის დროშების გვერდით, რომლებიც კრივის სამეფოები არიან, ამიტომ ამაყი და ბედნიერი ვიყავი. ჩემი მეტოქე, ვისთანაც წავაგე, ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ამიტომ, ვფიქრობ, ჩემთან ადვილი ბრძოლა არ ჰქონდა და რომ მომეგო, არავინ იცის, ფინალში რას ვიზამდი.

კმაყოფილი ვარ, ჩემი მედლით, რომელიც მთელი ცხოვრება მექნება. ჩემს კოლექციას აკლდა ოლიმპიური მედალი, რომლის მოპოვება ძალიან მინდოდა, დღეს უკვე მედლების სრული კოლექცია, ესეც კარგი ფაქტია ჩემთვის. მადლობა სპორტის სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტს, მწვრთნელებს, ეროვნულ ნაკრებს, თანაგუნდელებს, ჩემს ოჯახს, ჩემს ქალაქს და მთელ საქართველოს, ყველას, ვისაც წვლილი აქვს შეტანილი. მედალი მარტო მე მაქვს, მაგრამ ყველაფერში ბევრი ადამიანის ხელი ურევია. ჩემთვის ეს მედალი ჩემპიონობის ტოლფასია, თავს ისე ვგრძნობ, როგორც ჩემპიონი და კმაყოფილი ვარ შედეგით“, - თქვა ლაშამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ოლიმპიადაზე კრივში მედალი 24-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა. 2000 წელს, სიდნეიში, ვლადიმერ ჭანტურია ასევე ბრინჯაოს დაეუფლა. საქართველოს დელეგაციას პარიზის ოლიმპიადაზე ოთხი მედალი აქვს მოპოვებული (1 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) - ლაშა ბექაურმა ოქრო, ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლი, ხოლო ლაშა გურულმა ბრინჯაო მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116956