პარიზის ოლიმპიადაზე მორიგი საშეჯიბრო დღე დასრულდა. გუნდურ სახეობებში (კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, წყალბურთი) 7 აგვისტოს, პლეი-ოფის სტადიის მატჩები გაიმართა.
კალათბურთი (ქალები)
ქალთა კალათბურთში მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა და ნახევარფინალისტები გაირკვა. უნდა აღინიშნოს, რომ მეოთხედფინალურ მატჩებში ბრძოლა თითქმის არ ყოფილა: საფრანგეთმა, ბელგიამ, აშშ-მ და ავსტრალიამ ძალიან ადვილად აჯობეს შესაბამისად გერმანიას, ესპანეთს, ნიგერიას და სერბეთს.
ნახევარფინალში 9 აგვისტოს, საფრანგეთი ბელგიას და აშშ ავსტრალიას დაუპირისპირდება.
ფრენბურთი (კაცები)
ფრენბურთში კაცებს შორის, უკვე გაირკვა ფინალისტები. შეიძლება ითქვას, რომ ორივე ნახევარფინალში ფავორიტი დამარცხდა. ამერიკამ პოლონეთთან დაძაბულ ბრძოლაში 2:3 წააგო, ხოლო იტალიის ნაკრებმა მოულოდნელად ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია მასპინძელ საფრანგეთს და 0:3 დამარცხდა. იტალიას ოლიმპიური თამაშები არასდროს მოუგია, არადა ეს გუნდი მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონია, მსოფლიოს ჩემპიონატი 4-ჯერ აქვს მოგებული, ევროპის ჩემპიონატი 7-ჯერ, ოლიმპიადაზე ისტორიაში სულ 6 მედალი აქვს - 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაოც, მაგრამ ოქროს მედალს ისევ ვერ შესწვდა, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი ფავორიტი იყო.
9 აგვისტოს, ბრინჯაოს მედლისთვის იტალია აშშ-ს შეხვდება, ხოლო 10 აგვისტოს, ფინალში საფრანგეთი და პოლონეთი დაუპირისპირდებიან.
ხელბურთი (კაცები)
ძალიან დრამატული გამოდგა ვაჟებში ხელბურთელთა მეოთხედფინალი. ესპანეთის ნაკრებმა ეგვიპტე მხოლოდ დამატებით დროში გატეხა და 29:28 მოიგო. ეპიკური გამოდგა საფრანგეთი - გერმანიის შეხვედრა, რომელშიც გერმანია აგებდა, მაგრამ მატჩის დასრულებამდე 2 წამით ადრე გაათანაბრა (თანაც, ფრანგებს ჰქონდათ ბურთი, პასი ჩაუჭრეს და გაიტანეს), ხოლო დამატებითი დროის მიწურულსაც არანაკლები დრამა იყო. საბოლოოდ, გერმანიამ 35:34 გაიმარჯვა. დანიამ უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა შვედეთი (32:31), ხოლო ყველაზე მშვიდად ნახევარფინალში სლოვენია გავიდა, რომელმაც ნორვეგიას 33:28 მოუგო.
ნახევარფინალში 9 აგვისტოს, გერმანია - ესპანეთს და სლოვენია - დანიას დაუპირისპირდება.
წყალბურთი (კაცები)
მეოთხედფინალური ეტაპი წყალბურთში კაცთა შორის, დრამატული გამოდგა. ხორვატიის ნაკრებმა მთავარი ფავორიტი ესპანეთი 10:8 დაამარცხა, ხოლო სერბეთმა საბერძნეთს 12:11 მოუგო.
უფრო დაძაბული იყო ბოლო ორი მეოთხედფინალი: ამერიკის ნაკრებმა ავსტრალიას პენალტების სერიაში აჯობა, ხოლო ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იტალია უნგრეთთან ასევე პენალტების სერიაში დამარცხდა. ეს მატჩი სკანდალური გამოდგა: 2:3-ზე იტალიამ გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯებმა გოლი გააუქმეს და გოლის ავტორი 4 წუთით გააძევეს, იტალიელთა კარში პენალტი დანიშნეს და ანგარიში 2:4 გახდა. მიზეზი ის იყო, რომ ბურთის კარშ დარტყმის მომენტში იტალიელი წყალბურთელის ხელი მეტოქეს მოხვდა, რაც საკმაოდ ბუნებრივი იყო. დამსწრე პუბლიკამ მსაჯების გადაწყვეტილება ვერ გაიგეს, მაგრამ არაფერი შეცვლილა... საბოლოოდ მატჩი 9:9 დასრულდა, პენალტები უნგრელებმა 3:1 მოიგეს.
ნახევარფინალში 9 აგვისტოს, უნგრეთი - ხორვატიას და სერბეთი - აშშ-ს დაუპირისპირდება. აქვე ვთქვათ, რომ მეხუთე-მერვე ადგილებისთვის, საბერძნეთი-ავსტრალიას და იტალია-ესპანეთს შეხვდება.