საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა საუდის არაბეთში კარიერის გაგრძელებაზე უარი თქვა.
როგორც ცნობილი გამოცემა AS-ი იტყობინება, ესპანურმა კლუბმა სწორედ არაბეთიდან მიიღო ერთადერთი შეთავაზება, რომელიც 40 მილიონ ევროს აღწევდა, მაგრამ 23 წლის მეკარემ თვითონ განაცხადა უარი ამ ვარიანტზე და დაბალი დონის ლიგაში თამაშზე.
მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად დიდი ცდუნება იყო, გიორგის მიზანი დიდ ევროპულ კლუბში თამაშია. წყაროს თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე გუნდისგან იყო ინტერესი, ევროპული გრანდებიდან „ვალენსიასთვის“ შეთავაზება არავის წარუდგენია.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანული მედია მამარდაშვილს ბოლო დღეების განმავლობაში „ლივერპულს“ უკავშირებს. იმის მიუხედავად, რომ ინგლისელებს ალისონ ბეკერი ჰყავთ, „წითლებს“ 30 მილიონად სურთ გიორგის ყიდვა, რომელსაც შემდეგ ერთი სეზონით სავარაუდოდ, „ბორნმუთში“ გაანათხოვრებენ, რომელიც თანახმაა ქართველი მეკარე მიიღოს, ხოლო გაისად ალისონი „ლივერპულს“ დატოვებს და გიორგისთვის კლუბში ადგილი გამოთავისუფლდება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ 2021 წლიდან თამაშობს და დღემდე ესპანური კლუბის მაისურით 100 შეხვედრა ჩაატარა.