სხვა

0:10 | 5.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა გურული: "გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ მაინც ბედნიერი, რადგან ქართველი ერი გავახარე"

ქართველმა მოკრივემ ლაშა გურულმა ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გულდაწყვეტილია, მაგრამ საერთო ჯამში, მაინც კმაყოფილია, რადგან მედალს დაეუფლა.

„ბედნიერი ვარ, რომ ოლიმპიურ თამაშებზე მოვხვდი და შედეგიც ვაჩვენე. თუმცა, როცა ფაქტის წინაშე ხარ და ოლიმპიური ჩემპიონობას ხელს გაუშვებ, ცოტა გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ ეს სპორტია, უმაღლესი დონის კონკურენციაა, მსოფლიო კონკურენცია. დღეს მეტოქის დღე იყო, კუბა კრივის ქვეყანაა. საერთო ჯამში ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ერი მაინც გავახარე, რადგან 24 წლის შემდეგ კრივში მედალი მოვიპოვეთ. მიხარია, რომ ნახევარფინალში ასპარეზობა შევძელი. სურვილია, მომავალში კიდევ გავაუმჯობესო შედეგი, მე თუ ვერ მოვახერხებ, იმედი მაქვს, რომ კრივში მომავალში გვეყოლება ოლიმპიური ჩემპიონი. მადლობა, ვინც ამ შედეგში წვლილი შეიტანა“, - თქვა გურულმა.

ლაშას გამოსვლა შეაფასეს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და მთავარმა მწვრთნელმა ბეჟან ჭიჭინავამ:

ლერი ხაბელოვი: „ვულოცავ ლაშა გურულს ბრინჯაოს მედალი. ეს დიდი წარმატებაა, როგორც იცით, კრივში მედალი 24-წლიანი პაუზის შემდეგ მოვიპოვეთ. ვულოცავ კრივის ფედერაციას, მწვრთნელებს, დელეგაციის წევრებს და გულშემატკივრებს. იმედიანად ვართ განწყობილი, მოჭიდავეები და ძალოსნები მალე ჩაერთვებიან და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს სპორტსმენებს“.

ბეჟან ჭიჭინავა: „ყველას ვულოცავ ამ ისტორიულ შედეგს. დღევანდელ ბრძოლას რაც შეეხება, ლაშა ტრავმირებული იყო, ორივე წარბი ჰქონდა დაზიანებული, ნაკერები ედო და ამიტომ, მაქსიმუმი ვერ გააკეთა, მაგრამ იბრძოლა და რაც შეეძლო ყველაფერი ჩადო ამ ბრძოლაში“.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ოლიმპიადაზე კრივში მედალი 24-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა. 2000 წელს, სიდნეიში, ვლადიმერ ჭანტურია ასევე ბრინჯაოს დაეუფლა. საქართველოს დელეგაციას პარიზის ოლიმპიადაზე ოთხი მედალი აქვს მოპოვებული (1 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) - ლაშა ბექაურმა ოქრო, ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლი, ხოლო ლაშა გურულმა ბრინჯაო მოიპოვა.

0.113528