„ლიონმა“ ამხანაგურ მატჩში „უნიონ ბერლინი“ 4:0 გაანადგურა, ხოლო გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო.
ქართველი შესვენებაზე შეცვალეს და როგორც მთავარმა მწვრთნელმა პიერ საჟმა აღნიშნა, სათამაშო წუთები გიორგისთან და ასევე, ორელ მანგალასთან, წინასწარ ჰქონდა შეთანხმებული.
„მათ მიერ ჩატარებული სავარჯიშო სესიების რაოდენობისა და ოთხშაბათს ჩვენ მიერ მიცემული 15 წუთის გათვალისწინებით გუშინ გვქონდა მათთან დისკუსია და სათამაშო დრო ორივესთან შევათანხმეთ. ახლა გვაქვს ამხანაგური მატჩი „არსენალთან“, რათა საუკეთესოდ მოვემზადოთ „რენთან“ მატჩისთვის, ასე რომ, კიდევ ორი ფეხბურთელის ხელმისაწვდომობა პირველ ტურში, ყველასთვის ძალიან კარგი იქნება“, - თქვა საჟმა.
შეგახსენებთ, რომ „ლიონი“ 11 აგვისტოს ამხანაგურ მატჩს ლონდონის „არსენალთან“ ჩაატარებს, ხოლო ლიგა 1-ის პირველ ტურში 18 აგვისტოს, „რენს“ ესტუმრება.