სხვა

0:10 | 2.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა გურული ნახევარფინალში გავიდა და ოლიმპიადაზე მედალი გაინაღდა

ქართველი მოკრივე ლაშა გურული (63.5 კგ) პარიზის ოლიმპიადის ნახევარფინალშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მედალი გაინაღდა.

ქართველმა მეოთხედფინალში ყაზახი ბაზარბაი ულუ მუხამედსაბირი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. პირველი რაუნდი მეტოქემ მოიგო, ხუთივე მსაჯმა ყაზახს მიანიჭა უპირატესობა, ხოლო მეორე რაუნდში უკვე ლაშამ იმარჯვა ხუთივე მსაჯის გადაწყვეტილებით.

გადამწყვეტი მესამე რაუნდი იყო, რომელიც ბრძოლის კულმინაცია გამოდგა. ხუთიდან ორმა მსაჯმა ყაზახს მიანიჭა უპირატესობა, მაგრამ სამმა - ქართველს, შესაბამისად, გურულმა მოიგო და ნახევარფინალშია.

ლაშამ მანამდე მერვედფინალში აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი დამაჯერებლად დაამარცხა. გურული ნახევარფინალში კუბელ ერისლანდი ალვარეს ბორხესს დაუპირისპირდება და ფინალში გასასვლელად იბრძოლებს.

თუმცა, კრივის წესებით, ლაშა გურული უკვე მედალოსანია, ნახევარფინალში მარცხის შემთხვევაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში ცხადია უფრო მაღალი სინჯის მედალი ერგება. ნახევარფინალური ბრძოლა 4 აგვისტოს, თბილისის დროით 19:06 საათზეა დანიშნული.

აქვე გეტყვით, რომ საქართველომ ოლიმპიადაზე კრივში მედალი 24-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა. 2000 წელს, სიდნეიში, ვლადიმერ ჭანტურია ბრინჯაოს დაეუფლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.109885