ძიუდო

18:28 | 1.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ილია სულამანიძემ ნახევარფინალი 10 წამში იპონით მოიგო და ოლიმპიადის ფინალშია

ილია სულამანიძე პარიზის ოლიმპიადის ფინალშია! ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალი შთამბეჭდავ სტილში მოიგო და შვეიცარიელი დანიელ აიხი 10 წამში იპონით დაამარცხა.

ამრიგად, 23 წლის ქართველმა ძიუდოისტმა მედალი გაინაღდა, ხოლო ფინალში ცხადია, ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. სულამანიძის მეტოქე ფინალში აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოიევი იქნება, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონია.

მანამდე ილია მერვედფინალში იტალიელ ჯენარო პირელის შეხვდა, რომელიც ორ წუთსა და 8 წამში იპონით დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონელ აარონ ვოლფს ვაზარით, დამაჯერებლად აჯობა.

ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი, რომელმაც რეპეშაჟში აარონ ვოლფს ოქროს ქულით მოუგო. მას მედლისთვის ბრძოლა უზბეკი ძიუდოისტის, მუზაფარბეკ ტურობოიევის წინააღმდეგ მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მონაგარი ოლიმპიადაზე ამ დროისთვის თითო ოქრო-ვერცხლის მედალია, რომლებიც შესაბამისად, ლაშა ბექაურმა და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.108795