სხვა

22:58 | 31.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი სპორტსმენების განრიგი პარიზის ოლიმპიადაზე პირველ აგვისტოს

პარიზის ოლიმპიადაზე მეექვსე საშეჯიბრო დღეს ორი ქართველი იასპარეზებს - ძიუდოისტი ილია სულამანიძე და მოკრივე ლაშა გურული.

ილია სულამანიძე (100 კგ.) პირველი წრისგან თავისუფალია და ოლიმპიადაზე მერვედფინალიდან ჩაერთვება, სადაც ხორვატ ზლატკო კუმრიჩსა და იტალიელ ჯენარო პირელის შორის უმჯობესს შეხვდება.

23 წლის სულამანიძის საუკეთესო შედეგი კარიერაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი (2021 წელს) და ევროპის ჩემპიონატზე ორი ვერცხლის მედალია (2023 და 2024). ძიუდოს წინასწარი შეხვედრები 12:00 საათიდან დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზეა დაგეგმილი.

კრივში, 63 კგ წონით კატეგორიაში ლაშა გურული მეოთხედფინალურ ბრძოლას ჩაატარებს ყაზახი ბაზარბი ულუ მუხამედსაბირის წინააღმდეგ. გურულმა მერვედფინალში დამაჯერებლად იმარჯვა და ნახევარფინალში თუ გავა, ავტომატურად გაინაღდებს სულ მცირე, ბრინჯაოს მედალს. ბრძოლა თბილისის დროით 23:36 საათისთვისაა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ამ დროისთვის ორი მედალი აქვს მოპოვებული - ოქრო და ვერცხლი, რომლებიც შესაბამისად, ლაშა ბექაურის და ტატო გრიგალაშვილის აქტივშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11342