ზედიზედ მეორედ ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია! 24 წლის ძიუდოისტმა პარიზის ოლიმპიადაზე ბრწყინვალედ იასპარეზა და ყველაფრის გვირგვინი ფინალი იყო.
დაძაბულ ფინალში ლაშა იაპონელ სანშირო მურაოსთან ვაზარით აგებდა, მაგრამ ბექაური არ დანებდა, ჯერ ვაზარით გაათანაბრა, მერე ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წამით ადრე მეორე ვაზარი მოიპოვა და შესაბამისად, იპონით გაიმარჯვა! აღსანიშნავია, რომ ლაშა მეოთხედ შეხვდა მურაოს და მეოთხედ დაამარცხა.
ლაშა ბექაური პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც ზედიზედ ორჯერ მოიგო ოლიმპიადა და საერთოდაც, ორჯერ მოიგო. დამოუკიდებლობის პერიოდში ბექაურის გარდა, ორ ოლიმპიურ ოქროს მხოლოდ ძალოსანი ლაშა ტალახაძე ფლობს.
ზოგადად, ქართველი სპორტსმენებიდან მინიმუმ ორჯერ ოლიმპიადა ბექაურის და ტალახაძის გარდა, ვიქტორ სანეევს და ლევან თედიაშვილს აქვთ მოგებული. 90 კგ წონით კატეგორიაში ქართველებიდან ოლიმპიადა ლაშას გარდა, ზურაბ ზვიადაურს და ირაკლი ცირეკიძეს მოუგიათ, თუმცა მათ თითოჯერ.
ლაშა ბექაურმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც ბულგარელი ივაილო ივანოვი ვაზარით დაამარცხა, მეოთხედფინალში სამხრეთკორეელ ჯუიეოპ ჰანს წუთსა და 22 წამში იპონით აჯობა, ხოლო ნახევარფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან (ტატო) მოსახლიშვილს დამატებით დროში გაფრთილებებით მოუგო.
ლაშა ბექაური მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 24 წლის სულ ახლახან გახდა, ტიტულების ნაკლებობას არ უჩივის: ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლი-ბრინჯაოს მედალს თითოჯერ დაეუფლა, ევროპის ჩემპიონატებზე კი, ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაოც ასევე თითოჯერ აქვს მოგებული. მის აქტივშია მედლები სხვადასხვა გრანდ სლემზე, გრანდ პრისა და მასტერსებზე.
კიდევ ერთი დეტალი: კონკრეტულად ოლიმპიადაზე ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში იაპონელი მეტოქე პირველად დაამარცხა. ბოლოს 2004 წელს, ზურაბ ზვიადაურს ჰიროში იზუმი ჰყავდა დამარცხებული იაპონელთაგან ოლიმპიადის ფინალში და 20 წლის შემდეგ ნავსი ბექაურმა მურაოს წინააღმდეგ გატეხა.
ამავე წონაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ფრანგმა მაქსიმ-გაელ ნგაია ჰამბუმ და ბერძენმა თეოდოროს ცელიდისმა, რომელმაც მედლისთვის შეხვედრაში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან (ტატო) მოსახლიშვილი დაამარცხა.
ქალთა შორის, 70 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი ხორვატი ბარბარა მატიჩი გახდა. ვერცხლის მედალს გერმანელი მირიამ ბუტკერაიტი დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს მედლები ავსტრიელმა მიკაელა პოლერესმა და ბელგიელმა გაბრიელა ვილემსმა მოიპოვეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციის აქტივში მიმდინარე ოლიმპიადაზე ამ დროისთვის ორი მედალია: ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) 30 ივლისს ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ლაშა ბექაურმა 31 ივლისს ოქროს დაუფლება მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის საქართველო მედლების ჩათვლაში მე-12 ადგილზეა!
პირველ აგვისტოს ოლიმპიადაზე ორი ქართველი მოსინჯავს ძალებს: ძიუდოს 100 კგ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე იასპარეზებს, კრივში კი, ლაშა გურულს მეოთხედფინალური ბრძოლა ელოდება და მოგების შემთხვევაში მინიმუმ ბრინჯაოს მედალს გაინაღდებს.